Johnson & Johnson-ის ვაქცინის ბუსტერ დოზა ნაკლებეფექტური აღმოჩნდა
კომპანია Johnson & Johnson-ის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა ნაკლებ ანტისხეულს გამოყოფს, ვიდრე – Pfizer-ისა და Moderna-ს პრეპარატები.
ამის შესაებ CNBC აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც ტელეარხმა აღნიშნა, კვლევის მიზანი იყო სხვადასხვა ბუსტერ დოზის გამოყენების უპირატესობისა და უარყოფითი მხარეების დადგენა.
კვლევაში 450-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც აშშ-ში დამტკიცებული სამი ვაქცინის ბუსტერ დოზა შეუყვანეს. აღინიშნება, რომ ყველა მათგანს ანტისხეულები გამოუმუშავდათ, თუმცა, “ფაიზერის” და “მოდერნას” ვაქცინებით აცრილ პირებში იმუნური პასუხი უკეთესი იყო.
აღნიშნული ცალსახად მიანიშნებს იმაზეც, რომ თუ ვაქცინა რეკომენდებულია ბუსტერ სახითაც, ის იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს, რომელი პრეპარატიც უნდა იყოს.
გარდა ამისა, კვლევის შედეგად არავითარი სერიოზული გვერდითი ეფექტი გამოვლენილი არ ყოფილა.