29 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში ვერდის ოპერის, „ბედის ძალა“ პრემიერა გაიმართება

29 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერის – „ბედის ძალა“ პრემიერა გაიმართება.
„აღსანიშნავია, რომ ეს ოპერა ჩვენი თეატრის სცენაზე 1878 წლის შემდეგ სრული ვერსიით არ დადგმულა, ის მხოლოდ ფრაგმენტების სახით ან საკონცერტო ფორმატით სრულდებოდა. 29 ნოემბრიდან, თითქმის საუკუნე ნახევრის შემდეგ, მაყურებელს კვლავ ექნება საშუალება, იხილოს ჯუზეპე ვერდის ეს გენიალური ოპერა“, – აღნიშNულია ოპერის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ბედის ძალის“ Teatro Regio di Parma-ს დადგმა იტალიიდან საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა. ამჟამად თეატრში მიმდინარეობს ინტენსიური მზადება პრემიერისთის. იტალიიდან ჩამოვიდა ტექნიკური ჯგუფი. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარია სტეფანო პოდა. დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, განათების მხატვრები სტეფანო გორერი და ამირან ანანიაშვილი, ქორმაისტერი ავთანდილ ჩხენკელი. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ასევე მოწვეული მომღერლები.
მომდევნო საპრემიერო სპექტაკლები გაიმართება 30, 31 ოქტომბერს და 7, 13, 14 ნოემბერს.
ვერდის „ბედის ძალის“ (ოპერა დაფუძნებულია ანხელ საავედრას ესპანურ დრამაზე „დონ ალვარო, ანუ ბედის ძალა“. ლიბრეტოს ავტორია ფრანჩესკო მარია პიავე) მსოფლიო პრემიერა 1862 წლის 10 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის „ბოლშოი კამენნი“ ოპერის თეატრში შედგა. მას შემდეგ ოპერა დაიდგა რომში, მადრიდში, ნოუ-იორკში, ვენაში, ლონდონში. კომპოზიტორი არ იყო კმაყოფილი ოპერით და სულ მალე ანტონიო გისლანცონისთან ერთად მასში ცვლილებები შეიტანა. ახალი ვერსიით, „ბედის ძალა“ 1869 წლის 27 თებერვალს „ლა სკალაში“ დაიდგა და დიდი წარმატება ხვდა წილად, ხოლო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში იგი 1877-1878 თეატრალურ სეზონზე შესრულდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე ეს ოპერა კომპოზიტორის ნაკლებად პოპულარულ ნაწარმოებად ითვლებოდა. მისი აღორძინება მე-20 საუკუნეში დაიწყო. „ბედის ძალის“ ყველაზე წარმატებულ დადგმებად ითვლება ლონდონის სამეფო ოპერის თეატრში 1992 წელს დადგმული სპექტაკლი და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერას 1996 წლის წარმოდგენა. ამ ოპერის მთავარი პარტიების საუკეთესო შემსრულებლებად ითვლებიან ფრანკო კორელი, რენატა ტებალდი, ბორის ხრისტოვი და ეტორე ბასტიანინი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები