აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტი „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ განმარტა, რომ პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები შეეხება ვაზისა და ღვინის კანონის რეგულაციის სფეროში ორი ახალი პროდუქტის დამატებას, ეს არის ღვინისეული სასმელი და დეალკოჰოლიზებული ღვინო. ასვე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ 2023 წლიდან სავალდებულო ხდება ყველა ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება.

კანონპროექტი კომიტეტმა მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრების ნინო წილოსანის, ხატია წილოსანის და სხვა დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივა „ქარსაფარი მინდორდაცვითი ზოლების შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი.

ხატია წილოსანის თქმით, პაკეტში რედაქციული ცვლილებები არ განხორციელებულა.

ასევე მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს „საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტს.

ხატია წილოსანმა სხდომაზე წარადგინა კომიტეტის თემატური მოკვლევის „კოვიდ 19-ის პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზე, მოთხოვნასა და რეალიზაციაზე“ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა.

მომხსენებლის თქმით, მოკვლევის ძირითადი მიზანი იყო იმ ძირითადი გავლენების შესწავლა, რაც კოვიდ პანდემიამ მოახდინა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზე და რეალიზაციაზე. მისი განცხადებით, მოკვლევისას მნიშვნელოვანი გამოწვევები გამოიკვეთა, რაც დასაქმებულთა ავადობას უკავშირდებოდა, რაც ხელს უშლიდა შეუფერხებელ წარმოებას. ასევე გამოიკვეთა, რომ ფერმერთა უმეტესობამ პანდემიის პირობებში სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მინიმუმ ერთი სახელმწიფო პროგრამით მაინც ისარგებლა, რამაც პოზიტიური გავლენა მოახდინა მათ საქმიანობაზე.

მომხსენებლის განცხადებით, თემატური მოკვლევის შედეგად გამოკვეთილი მრავალრიცხოვანი მიგნებები დაეხმარება სახელმწიფო უწყებებს, რომ განახორციელონ საჭირო ინტერვენციები და ეს გამოცდილება პოსტკოვიდურ პერიოდშიც იყოს გათვალისწინებული.

მან ისაუბრა როგორც მეწარმეების, ასევე უწყებების მიმართ გაცემული რეკომენდაციების თაობაზე. მოსმენილი ანგარიში კომიტეტმა ცნობად მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები