ნათია თურნავა: მომავალში უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებლობაში შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ
„ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში 8 ოქტომბერს დაღუპულების გამო, მართლაც ძალიან დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს”, – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბათუმში კორპუსის ჩამოშლისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, მომავალში უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით მთავრობამ მუშაობა დაიწყო მუნიციპალური სამსახურების უფლებამოსილებათა გაზრდის მიმართულებით, რისთვისაც კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები შევა.
„დავიწყეთ მუშაობა და ვფიქრობთ იმაზე, რომ გავაფართოოთ მუნიციპალური სამსახურების – მუნიციპალური ინსპექციების უფლებამოსილებები, რომ მათ ჰქონდეთ უფრო მეტი წვდომა ინფორმაციაზე, მოქალაქეებს კი უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რადგან მოქალაქეებმაც მეტი უნდა ვიფიქროთ საკუთარ უსაფრთხოებაზე, ჩვენი მეზობლების უსაფრთხოებაზე. კანონმდებლობაში შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ”, – განაცხადა მან.