ადვოკატი: ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე დუმილის უფლებას იყენებს
22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული, აკო ჭელიძე დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჭელიძის ადვოკატმა, დალი ბარბაქაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბრალდებული მომხდართან დაკავშირებით მასთანაც კი არ საუბრობს.
ამასთან, ადვოკატმა დაადასტურა საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დაკავებისას ბრალდებულებმა მიმალვა სცადეს.
ბარბაქაძის განმარტებით, ჭელიძე გაიქცა, თუმცა, მალევე დააკავეს.
“ძირითადად, პოზიციებზე გვქონდა შეთანხმება, ბრალის დადგენილება ოფიციალურად გავაცანით. ავუხსენით, რომ მას უფლება ჰქონდა, კანონით დადგენილი დუმილის უფლება გამოეყენებინა ან ჩვენება მიეცა, რაზეც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. როცა გაეცნობა საქმის მასალებს, ჩამოვყალიბდებით, პოზიციას შევათანხმებთ და ჩვენების მისაცემად მზად არის. მოტივი რომ განემარტა, ეს უკვე ჩვენების მიცემა გამოვიდოდა. თავად არაფერს ამბობს, ჩემთანაც ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ საქმის მასალები მოითხოვა, ერთად გავეცნობით. ბრალდებულ პირთა წრე შეიძლება გაიზარდოს, გაფართოვდეს იმის მიხედვით, რა მონაცემები, რა ინფორმაცია აქვს შსს-ს. ჭელიძისგან ვიცი, რომ ის წავიდა, მაგრამ მალევე დააკავეს. რაც შეეხება სახლის მეპატრონესთან კავშირს, ამაზე ჩემთან არ უსაუბრია და ვერ გეტყვით”, – განაცხადა ბარბაქაძემ.