Microsoft-ში რუსი ჰაკერების მხრიდან საფრთხის გაძლიერებაზე საუბრობენ

“რუსეთი სულ უფრო აგრესიული და ეფექტური ხდება შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელებაში”, – ამის შესახებ Microsoft-ის ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სხვა ქვეყნებზე განხორციელებული კიბერშეტევების 58% უკავშირდებათ რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ჰაკერებს. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ კიბერშეტევების თითქმის მესამედი მათთვის წარმატებულია.

“რუსეთში მყოფმა ჯგუფებმა თავიანთი პოზიცია გააძლიერეს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ ციფრულ ეკოსისტემას”, – ნათქვამია მოხსენებაში.

Microsoft-ში აცხადებენ, რომ რუს ჰაკერებს შეუძლიათ ახალ პირობებთან ადაპტირება და მათ ისწავლეს ღია კოდის ინსტრუმენტების უფრო ეფექტურად გამოყენება, “რაც მათ გამოვლენას ართულებს”.

კომპანიაში ამბობენ, რომ რუსი ჰაკერების სამიზნე ხშირად აშშ, შემდეგ უკრაინა და ბრიტანეთი არიან.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბოლო დროს მათი ყურადღება კონცენტრირებულია სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებაზე, რადგან ჰაკერული თავდასხმების ნახევარზე მეტი მიმართულია ისეთ უწყებებზე, რომლებიც კავშირში არიან საგარეო პოლიტიკასთან, ეროვნულ უსაფრთხოებასთან ან თავდაცვასთან.

Microsoft-ის ინფორმაციით, რუსეთის გარდა, კიბერთავდასხმების დიდი ნაწილი ხორციელდება ჩრდილოეთ კორეიდან, ირანიდან და ჩინეთიდან.

ჩინეთიდან მომდინარე თავდასხმები, ძირითადად, მიმართულია სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებაზე.

ბოლო კვირების განმავლობაში, შეერთებულ შტატებში რამდენიმე მაღალჩინოსანმა გამოხატა შეშფოთება კიბერშეტევების მზარდი საფრთხის გამო, განსაკუთრებით – სხვა ქვეყნების მხრიდან.

ბევრი მათგანი ისეთი კანონის მიღების მომხრეა, რომელიც კერძო კომპანიებს დაავალდებულებს, შეატყობინონ მთავრობას მათი სისტემების გატეხვის შესახებ.

როგორც შიდა უსაფრთხოების მინისტრმა, ალეხანდრო მალორკასმა კიბერუსაფრთხოების ვირტუალურ კონფერენციაზე კვირის დასაწყისში თქვა, ”მე ვფიქრობ, რომ კიბერდანაშაულისა და კიბერსაფრთხეების დინამიკამ მიაღწია იმ დონეს, როდესაც ის მართლაც გადაუდებელი საკითხი გახდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი კანონი იქნება მიღებული”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები