ადვოკატი: შემიძლია, დადასტურებით გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მტკიცედ
“ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს მასთან კომუნიკაცია და შემიძლია, დადასტურებით გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მტკიცედ”, – ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე კრიტიკულ შეფასებებს.
“ძალიან მარტივი ტესტია, მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვეს სატელეფონო ზარების უფლება და არ ნიშნავენ სასამართლო პროცესებს, თუკი ეს ასეა, მისცენ საშუალება, მიიღოს სასამართლო პროცესში მონაწილეობა და გამოჩნდება მისი მდგომარეობა. ცხადია, ეს არის ტყუილი, მტკნარი სიცრუე და ჭორაობა, საზოგადოებაში მცდარი აზრის დანერგვის მიზნით. ფაქტია, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სააკაშვილს არ ჰქონდეს კომუნიკაცია და თუ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, მაშინ პირიქით უნდა მისცენ საშუალება, რომ საზოგადოებამ თავად ნახოს. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს მასთან კომუნიკაცია და შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მტკიცედ, ვერც კი წარმომიდგენია, “ღარიბაშვილის ციხეში” ყოფნამ რანაირად შეიძლება, გატეხოს”, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილს ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, “მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს”.