შალვა თადუმაძე ეკა გიგაურს უჩივის – ყოფილი გენპროკურორი მოითხოვს, დავის დასრულებამდე მის დიპლომზე საჯაროდ საუბარი აეკრძალოს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, შალვა თადუმაძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს ცილისწამებისთვის უჩივის. საქმე თადუმაძის დიპლომის თაობაზე გიგაურის განცხადებებს ეხება.
TI-ის ცნობით, თადუმაძე ცილისწამებად ეკა გიგაურის იმ შეფასებებს მიიჩნევს, რომელშიც ის ეჭვქვეშ აყენებს შალვა თადუმაძის კვალიფიკაციასა და მისი დიპლომის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან.
თადუმაძე ითხოვს, მის დიპლომთან დაკავშირებით ეკა გიგაურს დავის დასრულებამდე, ნებისმიერი ფორმით, საჯაროდ საუბარი აეკრძალოს.
შეგახსენებთ, რომ თადუმაძის დიპლომის თაობაზე კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე დააყენა კანდიდატურა.
“მასში მითითებულია, რომ თადუმაძე ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს, მაშინ როდესაც დაწესებულებამ ლიცენზია 1994 წელს მიიღო;
1993 წელს შალვა თადუმაძე მხოლოდ 15 წლის იყო. საეჭვოა ამ ასაკში პირს საშუალო სკოლის დასრულება და შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლების მოპოვება მოესწრო;
საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებად მითითებულია „ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ მაშინ, როდესაც აღნიშნული სახელწოდება მას 2003 წელს ეწოდა, ხოლო დიპლომი გაცემულია 1998 წელს”, – ნათქვამია TI-ს განცხადებაში.
აღნიშნულ საკითხზე ასევე კითხვები ჰქონდათ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR), სახალხო დამცველსა და კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის.