“ჩემი ქმარ-შვილი დამიბრუნონ სახლში” – რას ამბობს სააკაშვილის საქმეზე დაკავებული მამა-შვილის ოჯახის წევრი
ქვეყნის ექსპრეზიდენტის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაკავებულ მამა-შვილს – ზურაბ და შალვა წოწერიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
წოწერიების ოჯახის წევრი, ვერიკო წოწერია აცხადებს, რომ განაჩენი მოულოდნელი იყო და იმედოვნებს, რომ გამოძიების ფარგლებში მისი ოჯახის წევრების უდანაშაულობა დადგინდება.
“ჩვენ ელგუჯა ცომაიას ნათესავები ვართ და ალბათ ამას უკავშირდება ეს ყველაფერი. ჩვენი კუთვნილი ავტომანქანით მოხდა თუ არა სააკაშვილის გადაყვანა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვიტყვი. სახლში არაფერი არ უთქვამს ამის შესახებ მამა-შვილს. სხვა ოჯახის წევრები არცერთი არ დავუკითხივართ.
ჩემი ქმარ-შვილი დამიბრუნონ სახლში. ადვოკატები ყველაფერს ცდილობენ და ამბობდნენ, რომ ეს არ არის ისეთი მუხლი, რომ დააპატიმრონო, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა. მე მინდა, ორივე სახლში დამიბრუნდეს გამართლებული. ის, რაც თავზე დაასხეს, ყველაფერი მოაცილონ,” – განაცხადა ვერიკო წოწერიამ.