შანაე ბრუკის ოჯახი: მადლიერებას გამოვხატავთ თბილისის პოლიციისა და იმ გამომძიებლების მიმართ, რომლებმაც მალევე შეძლეს შანაეს პოვნა და დამნაშავის დაკავება

თბილისში მოკლული, ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკის ოჯახი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“შანაეს ოჯახმა ჩვენი ლამაზი გოგონა წარმოუდგენელად ტრაგიკულად დავკარგეთ. მან ბევრი მეგობარი და ოჯახის წევრი დატოვა გულგატეხილი და განადგურებული. გვეამაყება ყველა ის წარმატება, რომელსაც შანაემ თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ბევრ ქვეყანაში მიაღწია. იგი იყო სიყვარულისა და პოზიტივის მომტანი გარშემომყოფთათვის. შანაე იბრძოდა ქალთა უფლებებისა და უსაფრთხოებისთვის, დიდ დროს უთმობდა რამდენიმე ქვეყანაში ჩაგრულ და დაუცველ ადამიანებზე ზრუნვას. შანაე გამორჩეულად გულწრფელი და ერთგული მეგობარი იყო, თავგადასავლების მოყვარული და მამაცი, სიცოცხლის თითოეულ წუთს აფასებდა და ცხოვრების მუდამ მადლიერი იყო.

გვსურს, ჩვენი გულითადი მადლიერება გამოვხატოთ შანაეს მეგობრების მიმართ, რომლებმაც შანაეს გაუჩინარებისთანავე  განგაში ატეხეს და გასწიეს დახმარება ძებნის პროცესის ორგანიზებაში.

ჩვენი ოჯახისთვის გასაოცრად მხარდამჭერია როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოეთიდან, მათ შორის, ქართული საზოგადოებიდან, შანაეს ბევრი მეგობრის სიყვარულით სავსე გზავნილები.

მადლიერებას გამოვხატავთ თბილისის პოლიციისა და იმ გამომძიებლების მიმართ, რომლებმაც მალევე შეძლეს შანაეს პოვნა და დამნაშავის დაკავება.

მადლობას ვუხდით კორძაძის საადვოკატო ბიუროს თბილისში ჩვენი ოჯახის წევრებზე დაუღალავი ზრუნვისათვის მათი საქართველოში ყოფნისას, დღემდე იმ მხარდაჭერისა და დახმარებისათვის, რაც ამ საშინელი პერიოდის გაძლებაში გვეხმარება.

მადლობა ავსტრალიის საელჩოს თანამშრომლებს ანკარაში, ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.

მადლობას ვუხდით როგორც საქართველოს სახელმწიფოს, შანაეს რეპატრიაციაში ფინანსური დახმარების გაწევის შემოთავაზებისათვის, ასევე, ქართველ ხალხს უწყვეტი ყურადღების, სიყვარულისა და თანადგომისათვის ამ მძიმე ტრაგიკულ პერიოდში.

ასევე, განსაკუთრებული მადლობა გვსურს, გადავუხადოთ ყველას, ვინც ფინანსური წვლილი შეიტანა შანაეს GoFundMe ფონდში. შეგროვებული თანხა მოხმარდება აქამდე გაწეულ ხარჯებს და შანაეს ბოლო გზაზე გაცილებას.

ახლა კი შანაეს ოჯახი ესწრაფის, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ უზრუნველყოს დამნაშავის მიერ სიცოცხლის ციხეში გატარება – სამართლიანი სასჯელი ამგვარი ულმობელი თავდასხმისთვის, რომელმაც ჩვენი ახალგაზრდა ანგელოზის სიცოცხლე წაიღო. ჩვენი დარდი და მწუხარება გაუსაძლისია. სიყვარულითა და პატივისცემით, შანაეს ოჯახი. გთხოვთ, განაგრძოთ ჩვენი ოჯახისა და პირადი სივრცის პატივისცემა,” – აღნიშნულია შანაე ბრუკის ოჯახის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები