მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ზურაბ და შალვა წოწორიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მამა-შვილს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვას ედავება.
დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ, თუმცა, მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ მისი ტრანსპორტირებაც მოხდა. ადვოკატი დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმე სრულად პოლიტიკურია, ხოლო ბრალი, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფებს წარუდგინეს, აბსურდული.
“ამ ეტაპზე, იყენებენ დუმილის უფლებას, რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების ნაწილს, იმის მოლოდინი სასამართლოსგან ნამდვილად არ გავაქვს, რომ აღკვეთის გარეშე დატოვებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, საქმე არის უშუალოდ პოლიტიკური და პოლიტიკურ მოტივებზეა დაყრდნობილი.
ის ნორმა, რაც წარდგენილი აქვთ ბრალდების სახით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, საერთოდ არის აბსურდული, არ ჯდება მოქმედ კანონმდებლობაში.
დანაშაულის დაფარვაში რასაც ესენი გულისმობენ, ეს არის მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია და ტრანსპორტირება, დანაშაული რაში გამოიხატება, ხელი შეუშალეს რაიმე დანაშაულის გახსნას? რაში შეუშალეს ამ ადამიანებმა ხელი სახელმწიფოს?- არაფერში აბსოლუტურად”, – თქვა ადვოკატმა, გიორგი გოგინავამ.