შსს – მარნეულში მომხდარ ინციდენტზე: ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიება, რის შემდეგაც მოხდება აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ბრალდებულის სახით დაკავება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში მდებარე, N52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.
გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულ საარჩევნო უბანზე 1989 წელს დაბადებულ გ.რ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ე.მ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.რ.-მ დანის გამოყენებით ე.მ.-ს მიაყენა დაზიანება მუცლის არეში. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაზიანებები მიიღო თავად გ.რ.-მაც.
პოლიციის მიერ ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი, ჩატარებულია მოწმეთა გამოკითხვები.
ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიება, რის შემდეგაც მოხდება აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ბრალდებულის სახით დაკავება.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გრძელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.