თვითმმართველობის არჩევნებს 100 ადგილობრივი და 52 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 21 483 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31 310 დამკვირვებელი და 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1024 საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები.
საარჩევნო პროცესს გააშუქებს 109 მედიაორგანიზაციის 2 927 წარმომადგენელი.
ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 497 345 ამომრჩეველია, მათ შორის სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით 70 საარჩევნო უბანია შექმნილი. პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია 9 უბანი.
საარჩევნო უბანზე მისულებს, სამი ბიულეტენი დახვდებათ.
თვითმმართველობის არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით ტარდება, რომელზეც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ერთობლივად იმუშავა.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი. ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები სამ სხვადასხვა ბიულეტენს მიიღებენ.