იოსებ არჩვაძე: ბოლო 8 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკის ზრდის 25 პროცენტზე მეტი სწორედ „აწარმოე საქართველოში“ პროექტების რეალიზაციამ უზრუნველყო

„ბიზნესის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა არც ახალია და არც მხოლოდ ქართული ნოუ-ჰაუ, მაგრამ ჩვენს რეალობაში პროექტი „აწარმოე საქართველოში“ თავისი „განტოტილი“ პროექტებით (სულ – 1806 პროექტი) ის შემთხვევაა, როდესაც კარგი იდეა ნოყიერ ნიადაგზეა აღმოცენებული და სასურველ ნაყოფს იძლევა – მოზიდული ინვესტიციების (2.5 მილიარდი ლარი) და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის (52831 სამუშაო ადგილი) სახით,“ – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა, იოსებ არჩვაძემ სახელმწიფოს მხარდაჭერილი პროექტები, რომლითაც არაერთმა ბიზნესმენმა და ფერმერმა ისარგებლა.

იოსებ არჩვაძის განცხადებით, ნებისმიერ ინვესტიციას, წარმოებას, დოვლათის ფორმირებას აქვს მულტიპლიკატორული ეფექტი. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების შემთხვევაში, 1 ლარის სახელმწიფო თანადაფინანსებას მოაქვს თითქმის 16 ლარის კერძო ინვესტიცია და დაახლოებით 5 ლარის საბიუჯეტო გადასახადები.

“ჩვენი შეფასებით, ბოლო 8 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკის ზრდის 25 პროცენტზე მეტი სწორედ „აწარმოე საქართველოში“ პროექტების რეალიზაციამ უზრუნველყო. რომ არა აღნიშნული პროექტები, ფაქტობრივი უმუშევრობა ქვეყანაში 2.0-2.2 პუნქტით უფრო მაღალი იქნებოდა. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროექტების რეალიზაციით ქვეყნის ყოველ მეოცე ოჯახს, შინამეურნეობას გაუჩნდა შემოსავლის დამატებითი და სტაბილური წყარო,“ – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
ექსპერტის შეფასებით, ნებისმიერ წამოწყებას სჭირდება სტიმული, ერთგვარი ბიძგი, ხელშეწყობა და რომ ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი უკვე საკმაო ხანია ეკონომიკის ზრდაზე საკმაო წინსწრებით ვითარდება, დიდწილად სწორედ სახელმწიფო მხარდაჭერით, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის წარმატებული რეალიზაციითაა მიღწეული.

„ვფიქრობ, აღნიშნულზე ამომწურავი ინფორმაცია, ისევე როგორც კონკრეტული ინფორმაცია ბენეფიციარებზე, დახმარეობის სახეობისა და მასშტაბების, შექმნილი სამუშაო ადგილების თაობაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი შემოთავაზება – ინტერაქციული რუკა – ბევრ კონკრეტულ კითხვას გასცემს პასუხს. ბრენდის – „აწარმოე საქართველოში“ – პროექტები მოიცავს ეროვნული მეურნეობის სხვადასხვა დარგს, ქვეყნის ყველა რეგიონს. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მას აგრარული სექტორისათვის, რომელიც ისტორიულად ჩვენი ეკონომიკის ყველაზე სუსტი რგოლი იყო. თანადგომა მცირე ზომის ფერმერული მეურნეობებისათვის, ბაღების გაშენებაზე, სამაცივრე მეურნეობების ორგანიზებისათვის ერთერთი ფაქტორია ეკონომიკის აღნიშნული სექტორის გამოცოცხლებისა და სწრაფი განვითარებისათვის. სწორედ სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული სექტორისათვის გაწეული სისტემური მხარდაჭერით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მშპ-ის აბსოლუტურ მატებაში (შესადარ ფასებში) 2011-2013 წლების 8.1 პროცენტიდან 2018-2020 წლებში 37 პროცენტამდე, ანუ 4.6-ჯერ გაიზარდა. და ეს შედეგი დიდწილად სწორედ „აწარმოე საქართველოში“ ქოლგის ქვეშ რეალიზებული აგრარული პროფილის 856 პროექტისა და 444 მლნ. ინვესტიციის წყალობითაა მიღწეული,“ – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
მისი თქმით, პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის საინვესტიციო დატვირთვით მიწების გადაცემა ცალკეულ პროექტების სარეალიზაციოდ. ამ მიზნით მოზიდული 182 მილიონი თავისთავად მეტყველებს, ერთი მხრივ, სახელმწიფოსაგან გაკეთებულ სერიოზულ განაცხადზე და, მეორე მხრივ, ბიზნესის მხრივ აღნიშნული შემოთავაზებებისადმი აბსოლუტურ ნდობასა და პერსპექტიულ სარგებლიანობაზე.
„ერთერთი ისტორიული პირის ნათქვამის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, ჩვენ – ხელისუფლებას და საზოგადოების უდიდეს ნაწილს გვსურს ეკონომიკაში დიდი და შთამბეჭდავი მიღწევები, მავანთ კი – მხოლოდ დიდი საზოგადოებრივი ხმაური და რყევები. მაგრამ ასეთი პოლიტიკით ისინი წარმატების ნაცვლად საზოგადოების მხრიდან მხოლოდ მრისხანების მტევნებს მოიწევენ,“ – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები