შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1991 წელს დაბადებული უ.ჰ და 1975 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უ.ჰ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ახდენდა ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციას.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა განახორციელეს.
პოლიციამ ბათუმში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული – 5000 ლარი. სამართალდამცველებმა ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს დაკავებულის მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“.
ბრალდებული მ. ი. კი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი „სუბოქსინის“ 147 აბი და ფული ამოიღეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 მე-5 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.