შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ. გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, ვარკეთილში, მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია, სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დ.გ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისის სხვადასხვა უბანში არაერთი ბინაში ფარულად შეაღწია და გაქურდა. სამართალდამცველებმა, დ.გ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ნივთების ნაწილი და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.