ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის, დავით ქაცარავას ავტომობილიდან ნივთების მოპარვის გამო, 2001 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქაცარავას კუთვნილი ავტომობილის უკანა მინა ჩაამსხვრია, სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტომობილის გაქურდვის შესახებ ინფორმაცია დავით ქაცარავამ 25 სექტემბერს გაავრცელა.