პოლიციამ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ლ.ჩ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1977 წელს დაბადებული დ.ქ.-ს კუთვნილი ავტომობილის უკანა მინა ჩაამსხვრია, სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – აღნიშნულია ინფორმაციაში.