“შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება” – შსს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა, – შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოს პოლიციის თანამშრომლები წინასაარჩევნოდ რეგიონებში პოლიტიკური მიზნებით არიან მობილიზებული.
“გვსურს გამოვეხმაუროთ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან. აღნიშნული ინფორმაცია არის “ფეიკ ნიუსი” და არ შეესაბამება სიმართლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა”, – ნათქვამია განცხადებაში.