ადვოკატი: დმანისის ინციდენტზე დაკავებულს თვითდაზიანების მცდელობა ჰქონდა

“დმანისის ინციდენტზე დაკავებულს თვითდაზიანების მცდელობა ჰქონდა”, – ამის შესახებ მედიას დავით დაუთაშვილის უფლებადამცველმა, გია მაჩიტაძემ განუცხადა.

მას დღეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დავით დაუთაშვილის ადვოკატმა სხდომაზე წარადგინა სამედიცინო დასკვნა ბრალდებულის ფსიქიკური პრობლემების შესახებ, თუმცა, მოსამართლემ ეს გარემოება არ გაითვალისწინა და პროკურორის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.

“მოსამართლემ დატოვა პატიმრობაში ბრალდებული. მის ხელთ არსებული დანით მოხდა ამ ორი პიროვნების დაჭრა, ბრალდებული აღიარებს. მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებდა მას, დახმარებოდა მას, რომლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რეალურად ემუქრებოდა საფრთხე.

გუშინ მას ჰქონდა თვითდაზიანების მიყენების მცდელობა და, რომ არა თანამშრომლები, ალბათ, თვითდაზიანებას მიიყენებდა. იმედია, რამდენიმე დღეში ის გადაყვანილ იქნება შესაბამის დაწესებულებაში,” – აცხადებს ადვოკატი, გია მაჩიტაძე.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს დმანისის რაიონის სოფელ განთიადში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს 2 პირი დანით დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები