ბექა დავითულიანი: „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ყალბი გვერდები და ჯგუფები ინტერნეტ-პოლიციის როლს ასრულებენ
“ჯერ კიდევ დაახლოებით 2010-2011 წლიდან ძალიან გააქტიურდა „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მყოფი ჯგუფების ასე ვთქვათ სოცმედიაში აქტივობები. გააქტიურდნენ როგორც რეალური პიროვნებები, ასევე ყალბი გვერდები, ჯგუფები, რომლებიც ინტერნეტ-პოლიციის როლს ასრულებენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, სოცმედია პოლიტიკურად აქტიური ადამიანების ვიწრო წრეა.
„თუმცა ეს არის ძალიან ვიწრო ჯგუფი. ჯამში იქნება 4000 ადამიანი, რომელიც ამ პოლიტიკურ თემებზე სოციალურ მედიაში აქტიურობს და ეს ქვეყნის მასშტაბით განწყობებზე გავლენას ვერ ახდენს. თუმცა გავლენას ახდენს სურათის დამახინჯებაზე. ვიღაცები სოცმედიის საშუალებით ცდილობენ ილუზორული წარმოდგენა შექმნან, რომ თითქოს ასე ფიქრობს საზოგადოება“, – განაცხადა დავითულიანმა.