ბჟანია – სოფელ აიბგას საკითხზე: დღეს არავინ არავის არ უყენებს ტერიტორიულ პრეტენზიებს, ვნახავთ, მომავალში რა იქნება განხილვის საგანი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, რუსეთ-აფხაზეთის ე.წ.საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციის საკითხთა კომისიის მუშაობა გრძელდება.

ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიასთან საუბარში თქვა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა სტადიაზეა სოფელ აიბგას საკითხი.

ბჟანიას თქმით, კომისია დიდი ხანია, მუშაობს და პროცესი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. მისივე თქმით, ე.წ.საზღვრის დემარკაცია მიმდინარეობს აღმოსავლეთიდან დასავლეთზე და აიბგას სოფლამდე საკითხი ჯერ არ მისულა.

”ამ ეტაპზე, არ არსებობს შეუსაბამობები იმ მონაკვეთებზე, სადაც ისინი მუშაობდნენ, არ არსებობს პრობლემები. არსებობს შეთანხმება რუსულ მხარესთან სასაზღვრო სოფელ აიბგისთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, არსებობს ძალიან ტაქტიკური ფორმულირება: დღეს არავინ არავის არ უყენებს ტერიტორიულ პრეტენზიებს. არსებობს საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთი,” – თქვა ბჟანიამ.

მისი თქმით, კომისიის მუშაობა მიმდინარეობს ურთიერთპატივისცემისა და გაგების რეჟიმში.

”როდესაც რუსულ-აფხაზური კომისიის ახალი შემადგენლობა აიბგას საკითხის განხილვას შეუდგება, ვნახავთ, რაზე წავა განხილვა, როგორ განვითარდება სიტუაცია”, – თქვა ბჟანიამ.

2019 წელს, სოხუმში რუსეთის ე.წ. ელჩმა, ალექსეი დვინიანინმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესთავაზა ოკუპირებულ აფხაზეთს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას საზღვაო სივრცის დელიმიტაციის შესახებ – ”იმის გამო, რომ ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა სახმელეთო საზღვრის საკითხის გადაწყვეტა.” ე.წ.ელჩმა თქვა, რომ გადაუჭრელი რჩება „მხოლოდ ერთი სოფლის – აიბგას საკითხი“.

2020 წლის ნოემბერში საფეხმავლო ხიდის მშენებლობა მდინარე ფსოუს გასწვრივ, რომელმაც სოფელი აიბგა ადლერთან დააკავშირა, ოკუპირებულ აფხაზეთის საზოგადოებამ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები