დავით სერგეენკო: ევროკავშირში ელჩის დაბარება არ ნიშნავს იმას, რომ კონვენციის დადასტურებულ დარღვევას აქვს ადგილი – მნიშვნელოვანია, გამოძიებამ სწრაფად დადოს შედეგები

“ის, რომ ევროკავშირში საქართველოს ელჩი დაიბარეს,  არ ნიშნავს იმას, რომ კონვენციის დადასტურებულ დარღვევას აქვს ადგილი, პოლიტიკურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გამოძიებამ სწრაფად დადოს შედეგები”, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცესპიკერი, დავით სერგეენკო ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას.

სერგეენკოს თქმით, მსგავსი საკითხების მიმართ ევროკავშირი დიდ ყურადღებას იჩენს.

„რაც ე.წ. უკანონო მოსმენების საქმე საინფორმაციო სივრცეში დომინანტია, რა თქმა უნდა, რეზონანსული საკითხია და აქ ნახსენები იყო მთელი ინსტიტუციები. ევროკავშირის ეს ნაბიჯი, ერთი მხრივ, გასაგებია, მაგრამ, მეორე მხრივ, ხაზგასასმელია, აუცილებელია, რომ დადასტურდეს უტყუარად, აქედან რა იყო მართალი და რა – ტყუილი. გამოძიება მიმდინარეობს და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთხოვო გამოძიებას, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უტყუარი ინფორმაცია გამოაქვეყნონ საზოგადოებრივი ინტერესის გამო.

რა თქმა უნდა, როცა ასეთი საკითხი ეხება ინსტიტუციებს, ეს ინსტიტუციები და, მით უმეტეს, ევროკავშირი ყოველთვის სიფრთხილეს და მაქსიმალურ ყურადღებას იჩენს ამ საკითხებისადმი”, – განაცხადა სერგეენკომ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ბრიუსელში ევროკავშირის სათავო ოფისში დაბარებული იყო საქართველოს ელჩი ევროკავშირში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები