ნიკა მელია: ვისგან უნდა მოვითხოვო პასუხი, კალაძისგან? – ეს არის თვალთმაქცობა

ეს არის თვალთმაქცობა, 16 კანდიდატთან 2-საათიან ფორმატში 3 წუთი გაქვს, წინ გიდგას მოძალადე, კორუმპირებული, ხატი კორუფციის, ამ ადამიანს საკადრისი პასუხი გაეცემა 2 ოქტომბერს , – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერობის კანდიდატების დებატები დატოვა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ამ ფორმატში რეალური, პოლიტიკური დებატების გამართვა შეუძლებელია და დებატებში მონაწილეობას დასთანხმდა მხოლოდ იმის გამო, რომ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატისთვის, კახა კალაძისთვის მიემართა.

მისივე თქმით, იგი მზად არის დანარჩენ კანდიდატებთან დებატებზე დაჯდეს, სხვა ნებისმიერ ფორმატში.

“არანაირ შესაძლებლობას არ იძლევა რეალური დებატების გამართვისა ეს ფორმატი, სადაც სამი წუთია. ბუნებრივია, მოვედი მთავარი რამის სათქმელად, დავთანხმდი ამ ფორმატში მონაწილეობაზე იმის გამო, რაც ვუთხარი გენერალურ მდივანს, ადამიანს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე. არამგონია, რომელიმე თქვენთაგანს მოსწონდეს როგორ უსწორდებიან დღისით, მზისით ადამიანებს და არავინ არ არის დაკავებული. ვისგან უნდა მოვითხოვო პასუხი, კალაძისგან? – ვინც ყველაფერს კადრულობდა ყოველთვის, ნარკოტიკსაც კი უდებდა იმისათვის, რომ საკუთარი მეგობარი გამხდარიყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ეს არის ადამიანი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს და აუცილებლად აგებს 2 ოქტომბერს. მე, რა თქმა უნდა პატივს ვცემ ყველა დანარჩენი პარტიის ამომრჩეველს, თუ მათი სურვილი იქნება სხვა ნებისმიერ ფორმატში დიდი სიამოვნებით გავმართავ საუბარს. ეს არის თვალთმაქცობა, 16 კანდიდატთან, 2 – საათიან ფორმატში 3 წუთი გაქვს, წინ გიდგას მოძალადე, კორუმპირებული, ხატი კორუფციის, მოძალადეობრივი ჯგუფების დამფინანსებელი. ამ ადამიანს საკადრისი პასუხი გაეცემა 2 ოქტომბერს, რადგან ყველაფერს აქვს საზღვარი. არავინ დარჩა ამ ქვეყანაში, ვისაც კახი კალაძე, მისი მეგობრები, ზონდერები, სუს-ის აგენტები ქედს მოუხრიან, არ დარჩა ადამიანი, ვინც არ არის საქმის კურსში, ყველაზე ამორალური მოძალადეობრივი ჯგუფები ვინ არიან ამ ქვეყანაში, რომლებიც უთვალთვალებენ, ყველაზე ამორალურ მეთოდს იყენებენ, აშინებენ ამ ყველაფრით და აშანტაჟებენ. ეს ადამიანი, აქ რომ დგას, ხომ არ გგონია, რომ თბილისის მერობის კანდიდატია? – ის არის ამ ყველაფრის ერთ-ერთი არქიტექტორი, ის არის პარტია “ქართული ოცნების” რეჟიმის გენერალური მდივანი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები