მამუკა ხაზარაძე: მოქალაქეები დეპუტატებისგან ელოდებიან კვალიფიციურ კითხვებს და პასუხებს იმ აღვირახსნილ მოსმენებზე, რომლის მოწმეც გავხდით

„ყველა ტრიბუნა და ყველაფერი უნდა იქნას გამოყენებული და ამ ქვეყანაში ყველა უსამართლობა იქნას გაპროტესტებული”, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე საუბრისას განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ოპოზიციის ვალია, მანკიერი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ხალხი ინფორმირებული იყოს.

„ყველა ტრიბუნა და ყველაფერი უნდა იქნას გამოყენებული და ამ ქვეყანაში ყველა უსამართლობა იქნას გაპროტესტებული. მოქალაქეები დეპუტატებისგან ელოდებიან კვალიფიციურ კითხვებს და პასუხებს იმ აღვირახსნილ მოსმენებზე, რომლის მოწმე ჩვენ, ყველა ერთად გავხდით. ამიტომ, აუცილებლად მიმამჩნია სხდომის ჩანიშვნა, ლილუაშვილისა და პრემიერმინისტრის დაბარება, რომ მათ აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თუ ვინ უსმენდა ამდენ მოქალაქეს, რატომ უსმენდა, ვისი პასუხისმგებლობაა და რატომ იხარჯებოდა ამდენი ხარჯები ჩვენი ბიუჯეტიდან ამ უაზრო თვალთვალში და მოსმენებში. ეს ყველაფერი საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ვფიქრობ, რომ სხდომის ჩატარება არის აუცილებელი იმიტომ, რომ ეს ამბავი იქნას გამოძიებული, პოლიტიკური შეფასება იქნას მიცემული და პასუხისმგებელი პირები გამოვლენილი. შეფასება, რაც მელიასგან გუშინ მოვისმინე მიუღებელია. ალბათ, იქნება ამის ახსნა-განმარტება. პარლამენტი არის ხალხის მიერ არჩეული ორგანო, სადაც წარმოდგენილი არის როგორც ხელისუფლება, ისე, ოპოზიციური პარტიები, ამიტომ ჩვენი ოპოზიციის ვალია ის მანკიერი დანაშაულებრივი ქმედებები სწრაფად გამოვამზეუროთ და გავაცნოთ ხალხს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები