“პედაგოგებთან ერთად, ბავშვების ოჯახების წევრებიც უნდა იყვნენ აცრილნი” – ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55%, მინიმუმ, ერთი დოზითაა აცრილი; კერძო სკოლების პედაგოგებიდან, მინიმუმ ერთი დოზით, აიცრა 64%, სრულად – 44%, საიდანაც, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი თბილისში – 70%-ია.
განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისივე თქმით, ოქტომბერში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გასაგრძელებლად აუცილებელია, პედაგოგებთან ერთად, ბავშვების ოჯახების წევრებიც იყვნენ აცრილნი.
„გასულ კვირას როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, სერიოზულად შევისწავლეთ აცრის მაჩვენებლები. ეს არსად არაა 100%. განსხვავებაა საჯარო და კერძო სკოლებს შორის. ორჯერადი აცრების თვალსაზრისით, ეს მაჩვენებელი ორივეგან 50%-ზე დაბლაა. ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს მზაობას, რომ ყველამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი გააკეთოს, რათა სწავლა აღდგეს. სასურველია, რომ სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი 80% იყოს. ჩვენ ასევე ვითვლით, თუ რამდენ მასწავლებელს აქვს ვირუსი გადატანილი. მარტო მასწავლებლები არ არიან მნიშვნელოვნები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, ბავშვის ოჯახის წევრებმა – მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა კეთილი უნდა ინებონ და იყვნენ აცრილები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.