„მიყვარს, როცა ჩემს ნამუშევრებში საკუთარ თავს ვხედავ“ – მეტყავე-მხატვარი და სამაჯურზე ამომწვარი ძველი ნორვეგიული იეროგლიფები ყოფილი შეყვარებულისთვის

თბილისში დაიბადა  და გაიზარდა. პროფესიით ვეტერინარია. ამბობს, რომ ცხოველებთან ერთად დიდ ადგილუთმობს ცხოვრებაში ხელოვნებას.
გატაცებულიმუსიკით, ხელსაქმით.  განსაკუთრებით ხელსაქმე უყვარს. საკუთარ თავს მეტყავე ქალს უწოდებს.
თვითთნასწავლი ხელოვანია. არც ბიუჯეტი ქონია და არც იმდენი ხელფასი,  რომ თავიდანვე ყველა საჭირო ხელსაწყო ქონოდა სამუშაოდ.  სულ თავიდან მხოლოდ  მახათი, ბევრი ძაფი, ნემსი და ტყავის პატარა ნაგლეჯები ქონდა, რომელიც აჩუქეს.
ამბობს, რომ ერთი წლის წინ ძალიან რთული პერიოდი დადგა მის ცხოვრებაში. საშინელი დეპრესია ჰქონდა და ხელსაქმე დაეხმარა. – ვეტერინარის და ხელოვანის, ნინო ხმიადაშვილის პერსონა.
– ბავშვობის გახსენება დიდად არ მიყვარს. ყველაზე კარგად რაც დამამახსოვრდა – სკოლაში პრინციპულად არავისგან ვიწერდი, არც არასდროს არავის ვიხმარებდი დავალების შესასრულებლად, იშვიათად, ისიც კითხვას თუ დავსვამდი.
დაწყებით კლასებში მე-10 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, ამის გამო დამრიგებელს ძალიან ვუყვარდი, მაფასებდა, რომ ჩემით ვაკეთებდი ყველაფერს და ჩემს აზრს გამოვთქვამდი. ზარმაც, მაგრამ ნიჭიერ ბავშვად ვიყავი შერაცხული.
ხატვა, მუსიკა, ხელსაქმე… განსაკუთრებით ხელსაქმე გიტაცებთ. როდის დაიწყეთ ხელნაკეთი ნივთების დამზადება?
– ხელნაკეთი ნივთების დამზადება დავიწყე 2017 წელს, სამაჯურების და ხის გულსაკიდებზე პიროგრაფიით – პატარა ნახატებით დავიწყე.
2018 წელს უნივერსიტეტიდან აკადემიური ავიღე და მუშაობა დავიწყე პატარა სახელოსნოში, ავტოფარეხის მიწისქვეშა ნაქირავებ ფართში, იქ დაიწყო ჩემი საინტერესო თავგადასავალი.
თვითნასწავლი ხართ. მუშაობთ ტყავზე… ეს საქმე დეპრესიიდან გამოსვლაში დაგეხმარათ. პირველი ნამუშევრები…
– 3-4 წელია, რაც ხელი მოვკიდე ტყავზე მუშაობას, პირველი ნამუშევრები სამაჯურები იყო. ერთერთ პირველ სამაჯურზე ძველი ნორვეგიული იეროგლიფები მქონდა ამომწვარი ყოფილი შეყვარებულისთვის, შიდა მხარეს კი პატარა ჩანახატები – ჩვენი მოგონებებიდან ახლაც შენახული მაქვს.
სახელოსნოში დავიწყე საფულეების, საბარათეების, ქამრების დამზადება. ქამრები ძალიან კარგები გამომივიდა მაგრამ საბარათეები და საფულეები ახლა რომ ვიხსენებ… საშინელებები, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მასწავლებელი არ მყოლია, მაინც იდეალური იყო.
მეტყავე-მხატვარი ხართ. კორსეტები, ქამრები, სამაჯურები, საფულეები, გულსაბნევები, ნიღბები…  და მაინც, რომელ ნამუშევარს გამოყოფდით თქვენი შემოქმედებიდან?
ჩემი ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად ისინი მიყვარს, რომლებიც თავიდან ბოლომდე საკუთარი თარგებით, ინსპირაციით და იმპულსურად არის შექმნილი.
ასეთ ნამუშევრებს ჩემი შინაგანი სამყარო ეტყობა, მე კიდევ მიყვარს, როცა ჩემს ნამუშევრებში ვხედავ საკუთარ თავს. ყველაზე ბოლოს დამზადებული სამშვილდოსნო სამაჯურია, ჯერჯერობით ყველაზე სუფთა და დახვეწილი ნამუშევარია  და წინა პლანიც დაიკავა ჩემსავე ნამუშევრებში.  ძალიან მიყვარს ასევე  რქები  და ჭირის ექიმის ნიღაბი – რომელსაც ჩემი ელემენტები დავუმატე. ყველაზე მინიმალისტური და ესთეტიკური ნამუშევრებიდან – ტანის ჰარნესებს გამოვარჩევდი. ტანის აქსესუარებში ჩემი საყვარელი ნამუშევარია ორქამრიანი გარტერი.
რომელიმე ნამუშევრის შექმნის ისტორია… რაიმე საინტერესო…
– ჩემთვის ყველა ნამუშევარი საინტერესოა, მაგრამ ბოლოდროინდელს გამოვარჩევ – გვირგვინს. ადამიანებთან ურთიერთობა, ზოგადად, მიჭირს  სოციალური ქსელითაც კი. ვცდილობ, გახსნილი ვიყო და პოზიტიურად ვიყო დამუხტული მომხმარებელთან.
საბედნიეროდ, ხშირად მიმართლებს. გვირგვინის შეკვეთაზეც ასე გამიმართლა. მომხმარებლის დამოკიდებულება ძალიან დიდ როლს ასრულებს, თუ როგორი გამომივა შეკვეთა, ამ შემთხვებაში კი ისე უხაროდა და იმდენად დადებითად იყო განწყობილი, მეც გადმომედო და ინსპირაცია მომცა. იმაზე მეტად დავიხარჯე, ვიდრე შეთანხმებულები ვიყავით. ახალი ტექნიკები ვცადე, რაც შრომატევადი, მაგრამ საინტერესო აღმოჩნდა.  საბოლოოდ კი მიიღო დახვეწილი ვიზუალი, რაც ჩაფიქრებული მქონდა.
მომხმარებლებს დასრულებული ნამუშევრების ფოტოებს ვუგზავნი ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვებაში ვისარგებლე მომხმარებლის ნდობით, ფოტოები არ გავუგზავნე და უბრალოდ დროზე შევუთანხმდი, როცა მიაწვდიდა კურიერი ამანათს.
დიდ ყუთში შევფუთე, რომელიც საკუთარი ხელით მოვხატე, გაავაფორმე და ჩემი ლოგოც დავიტანე ზედ. მოკლედ, ისე გამოვაწყე, როგორც გვირგვინს შეეფერება. ისეთი აღფრთოვანება გამოიწვია და ისეთი გახარებული იყო მომხმარებელი, ახლაც ღიმილის მომგვრელია.   დიდი ხნით ჩამრჩება სასიამოვნო მოგონებად.
–  ალბათ გექნებათ ქართულ თემატიკაზე შექმნილი მინიმალისტური დეკორაციებიც…
– ქართული დეკორაციები ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ იდეა კარგია და ნამუშევრებში ქართული იეროგლიფების გამოყენებას ვაპირებ. პროდუქტის ატვირთვისას ყოველთვის ვიყენებ ჰეშთეგებს: #დამზადებულია საქართველოში #ქართულიადაკარგია,  რაც, ვფიქრობ, პატარა მაგრამ სწორი მესიჯია.
სამომავლო გეგმები
– საკუთარი ვორკშოპის გახსნის ძალიან, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მინდა საკუთარი პატარა სახელოსნო მქონდეს, სადაც ჩემთან ერთად რამდენიმე ადამიანი იმუშავებს. მინდა ისეთი სამუშაო გარემო შევქმნა, რომელიც განტვირთვის ადგილი იქნება როგორც ჩემთვის, ასევე თანამშრომლებისთვის.
ამის გარდა, მინდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში საკუთარი წვლილის შევიტანო,  მენტალური ჯანმრთელობის აღქმა არ იყოს ტაბუდადებული, თუნდაც 4-5 ადამიანი იყოს, ვინც მესიჯს სწორად აღიქვამს. ალბათ ფიქრობთ, რა შუაშია ჩემს ხელსაქმესთან, მაგრამ სწორედაც რომ პირდაპირ კავშირშია. ჩემი წამოწყება ჩემს მენტალურ პრობლემებთან ასოცირდება, ჩემი გვერდი ჩემთვის არტთერაპიაა. მინდა დავეხმარო ადამიანებს და სწორი ინფორმაცია მივიტანო მათთან მენტალურ ჯანმრთელობაზე.
–  გაქვთ გვერდი ფეისბუქზე. ძირითადად რაზეა შეკვეთები?
– მაქვს როგორც ფეისბუქგვერდი, ასევე ინსტაგრამიც – Green’s Handcrafting. ორივეზე ვაქტიურობ, შეძლებისდაგვარად. ძირითადად, შეკვეთებს ვიღებ მარტივ და მინიმალისტურ ქალისა და მამაკაცის ტანის აქსესუარებზეა –  ჩოკერებზე, ჰარნესებზე…
– ჰობი…
– მუსიკა… ჩემს საყვარელ ჟანრში ახალი ჯგუფების აღმოჩენა საუკეთესო ჰობია. ძალიან ბევრი კარგი ქართული ჯგუფიც აღმოვაჩინე და ყოველთვის სიამაყით ვივსები.  ხატვა საუკეთესო რამაა, რაც გამაჩნია. სიტყვებზე მეტად ჩემი ჩანახატები გამოხატავს ჩემს გრძნობებს. ემოციების გამოხატვა მიჭირს და ხშირად გადამაქვს ფურცელზე. მიყვარს ლაშქრობა და ბუნებაში სიმშვიდის ძიება, ფეხით სიარული საათობით – ჩემი რეკორდი თბილისში 20 კმ-ია. თიხაზე მუშაობა, ცხოველების მინიატურულ ფიგურებს ვძერწავ. იმედი მაქვს დიდ სკულპტურაზე მუშაობის შესაძლებლობაც მომეცემა. მიყვარს ახალ-ახალი საინტერესო იდეების მოძიება, ყველგან ვიჭყიტები და ვცდილობ, ყველაფერს მოვედო. ასევე გატაცებული ვარ  ფოტოგრაფიით.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები