ცესკო-ს ხელმძღვანელობამ NDI-ის ანალიტიკოსებთან შეხვედრა გამართა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელობამ NDI-ის საარჩევნო პროგრამის გრძელვადიან ანალიტიკოსებთან შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დისტანციურად გამართულ შეხვედრაზე ცესკო-ს ხელმძღვანელმა პირებმა საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვაზე, არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასა და ცესკო-ს კიდევ ერთი ინოვაციური პროექტის – ინფორმაციის დაცულობის ცენტრის შესახებ ისაუბრეს. ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებული მიმდინარე საარჩევნო საკითხების, კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის და ცესკოში ახლად შექმნილი ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მუშაობის შესახებ.
NDI-ის საარჩევნო პროგრამის გრძელვადიანი ანალიტიკოსების მისიამ მუშაობა სექტემბრიდან დაიწყო. 2021 წელს მისია განსხვავებული ფორმით ტარდება. NDI-ის გრძელვადიანი ანალიტიკოსები სოციალური დისტანციისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით იმუშავებენ და გააანალიზებენ პროცესებს ისეთ საკვანძო საარჩევნო თემებზე, როგორიცაა: საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტიკური კამპანიები, გენდერი და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა, მედია და დეზინფორმაცია და სხვა მიმდინარე საკითხები.