თენგიზ ცერცვაძე: ახალი შემთხვევების კლება აშკარად სახეზეა, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მძიმე ტალღის პიკმა გადაიარა

ახალი შემთხვევების კლება აშკარად სახეზეა, შესაბამისად, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მძიმე ტალღის პიკმა გადაიარა და მივდივართ ახალი შემთხვევების კლებისკენ,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, როგორც მოსალოდნელი იყო, დაიწყო გარდაცვალების შემთხვევების კლებაც. პაციენტი როდესაც ინფიცირდება, ლეტალური შედეგი დგება 2-3 კვირის შემდეგ, შესაბამისად, გარდაცვალების პიკი 2-3 კვირით იგვიანებს ახალი შემთხვევებიის მატების პიკთან მიმართებით. ასევე გარდაცვალების შემთხვევების კლებაც იგვიანებს ახალი შემთხვევების კლების დაწყებიდან 2-3 კვირით. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მივაღწევთ ახალი შემთხვევების კლებას“,- განაცხადა ცერცვაძემ.

გარდა ამისა, ცერცვაძე ეხმაურება კრიტიკას, რომლის მიხედვითაც საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტია.

„წელიწადნახევარზე მეტი გავიდა და არც ერთი ავადმყოფი არც ერთი მედიკამენტის გარეშე არ დარჩენილა, მხედველობაში მაქვს საბაზისო საშუალებები. თორემ ზოგიერთი იშვიათი მედიკამენტების დეფიციტი, რომელიც ძნელად იშოვება, მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოშია. დღესაც სამედიცინო დაწესებულებებს მედიკამენტებით აბსოლუტური, 100%-იანი მომარაგება აქვს. ყურადღება მახვილდება „ტოცილიზუმაბზე“, რომელსაც სამართლიანად შეერქვა სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი, ჩასაფრებული ადამიანები, ბატონი ვახტანგ კალოიანი და მისი გუნდი, თანამზრახველები, ავრცელებენ ინსინუაციებს, რომ „ტოცილიზუმაბი“ არის გადამრჩენი მედიკამენტი და ქვეყანამ არ იზრუნა მისი საკმარისი რაოდენობით შემოტანაზე. მინდა მივმართო ბატონ ვახტანგს და მის თანამოაზრეებს, ადამიანს მინიმალური თავმოყვარეობა მაინც უნდა ჰქონდეს. ყველაფერს საზღვარი აქვს. „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა დავიწყეთ ჩვენ, როდესაც ჯერ კიდევ არავის სჯეროდა ამ მედიკამენტის, ეს იყო გასული წლის გაზაფხულზე. ბატონი კალოიანი და მისი გუნდი მუდმივად გვაბულინგებდა, რომ ცერცვაძე და მისი გუნდი ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ისინი უნდა გავუშვათ ციხეში. მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ ირწმუნა, რამდენიმე თვის წინ, რომ „ტოცილიზუმაბი“ მართლა გადამრჩენელი მედიკამენტი ყოფილა, ბატონი კალოიანის გაყინულ გონებამდეც მიაღწია ამ სიახლემ, ახლა გამოჩნდნენ „ტოცილიზუმაბის“ დამცველები, კალოიანს ყოფნის სინდისი, თქვას, რომ სახელმწიფოს არ შემოაქვს „ტოცილიზუმაბი“ საკმარისი რაოდნეობით“,- განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები