ალუდა ღუდუშაური: გახარიას თქმით, კალაძესთან შეხვედრა არ შემდგარა, მაგრამ მის თანაპარტიელებს მოუწიათ დადასტურება, აიხლართნენ და დაიბნენ საკუთარ განცხადებებში

“როგორც გახარიას უყვარს თქმა – “ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს” – ხშირად იყენებს ამ სიტყვებს და მართლაც, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სიცრუე, ტყუილი არის დამაზიანებელი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, გახარიას და მისი პარტიას ამოცანას წარმოადგენს – „როგორმე, მელია მეორე ტურში გადაათრიონ“.

„ძალიან შეეცადა გახარია, რომ რიხიანად წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე და წარედგინა კანდიდატები. ბევრი ისაუბრა მან თითქოს ღირსებაზე, სიმართლეზე, სამართლიანობაზე და, როგორც მას უყვარს თქმა, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს – ხშირად იყენებს ამ სიტყვებს და მართლაც, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სიცრუე, ტყუილი არის დამაზიანებელი, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამ „სლენგისთვის“, მაგრამ მისთვის და ყველასთვის გასაგები რომ იყოს, პირდაპირ ვიტყვი, პოლიტიკაში არ „მოსულა“ ტყუილები და არ უნდა იკადრო ისეთი რამ, რისი დადასტურებაც შემდეგ შენი პარტიის წევრებს მოუწევთ. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ტყუილია კალაძესთან შეხვედრა. ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ტყუილია და არანაირი შეხვედრა კალაძესთან არ ყოფილა, მაგრამ რამდენიმე საათში მოუწიათ მის თანაპარტიელებს დადასტურება. რა თქმა უნდა, აიხლართნენ და დაიბნენ ამ განცხადებებში, მაგრამ დადასტურება მოუწიათ. ასეთი შეხვედრის ინიციატორი იყო გახარია. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ნათელია, როგორ უშანსოდ არის გახარია, ერთი მხრივ, ბატონ კალაძესთან, მაგრამ, როგორც ჩანს, გახარიასა და მის პარტიას ამოცანად ახლა უკვე აქვთ დასახული ის, რომ როგორმე გადაათრიონ მეორე ტურში მელია”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები