ჯანმო მოუწოდებს მთავრობებს, მიიღონ ყველა ზომა, რომ სკოლებში კარები ბავშვებისთვის გაიღოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სასწავლი წლის დადგომასთან ერთად, ქვეყნის მთავრობებს მოუწოდებს მიიღონ ყველა ზომა, რათა სკოლების კარები ღია იყოს.

ამის შესახებ ჯანმო -ს ევროპული ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.

”გამომდინარე იქიდან, რომ მილიონებით ბავშვი სკოლებში ბრუნდება, ჯანმო და გაერო-ს ბავშვთა ფონდი, მოუწოდებენ მთავრობებს სკოლების გახსნისთვის ყველა საჭირო ზომა მიიღონ. სკოლის დახურვა ამცირებს აკადემიურ მოსწრებას, ზრდის ბავშვების მიერ სწავლის მიტოვების ალბათობას და გავლენას ახდენს მათ გონებრივ მდგომარეობაზე. ჩვენი ბავშვები, ბოლო 20 თვის განმავლობაში, ძალიან დაზარალდნენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც უკვე იყო დაუცველი და ვერ სარგებლობდა ციფრული სწავლით,”- ამბობს კლუგე.

მისი თქმით, ​შარშან არსებული მდგომარეობისგან განსხვავებით, ქვეყნებს უკვე შეუძლიათ უზრუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება.

სკოლების გასახსნელად საჭირო ღონისძიებებს შორის კლუგე ასახელებს მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების, ასევე 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვთა ვაქცინაციას, განსაკუთრებით შემცირებული იმუნიტეტის მქონე ბავშვების იმუნიზაციას.

ასევე, საჭირო ზომებს შორის კლუგე ასახელებს სკოლის გარემოს გაუმჯობესებას სანიტარიისა და ხელების ჰიგიენის დაცვის გზით, ვენტილაციით, მცირე ზომის კლასების, ფიზიკური დისტანციის, ნიღბების ტარებით(საჭიროების შემთხვევაში), ასევე ბავშვებისა და პერსონალის რეგულარული ტესტირების გზით.

”და, უპირველეს ყოვლისა, ბავშვების გონებრივი და სოციალური კეთილდღეობის დაცვით”,- აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები