მედია: ორჯერ სწრაფი მუტაცია – სამხრეთ აფრიკაში ​კორონავირუსის ახალი შტამი გამოავლენეს

ამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სპეციალისტებმა ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოავლინეს, რომელსაც აქვს მუტაციის გაზრდილი ხარისხი.

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო პორტალი – Eyewitness (EWN) წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შტამი, სახელწოდებით C.1.2, გამოვლენილია სამხრეთ აფრიკის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ.

სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი ვარიანტის აღმოჩენის შესახებ უკვე გააფრთხილა.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი შეიძლება, გაზრდილი აგრესიულობით გამოირჩეოდეს, ვაქცინების მიმართ კი მაღალ მდგრადობას იჩენდეს.

C.1.2 პირველად მაისში გამოავლინეს. ის წარმოადგენს C.1 შტამის მუტაციას, რომელიც ქვეყანაში ჯერ კიდევ იანვარში დაფიქსირდა.

Eyewitness-ი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ჯგუფი, რომელიც ცნობილია, როგორც C. 1, განიცდის სწრაფ მუტაციას უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი ვარიანტების გაჩენით. სამხრეთ აფრიკელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ C.1 ჯგუფში მუტაციის მაჩვენებელი ორჯერ მაღალია, ვიდრე სხვა შტამებში.

ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ C.1.2 უკვე ფიქსირდება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ჩინეთში, ახალ ზელანდიაში, გაერთიანებულ სამეფოში, პორტუგალიაში, შვეიცარიასა და მავრიკიაში.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს, სადაც 2 638 981 შემთხვევაა გამოვლენილი, 78 377 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში 11.9 მილიონი აცრაა გაკეთებული. ვაქცინაციის სრული კურსი აქვს გავლილი მოსახლეობის 9.6%-ს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები