ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კორონავირუსისგან გარდაცვალების მკვეთრ ზრდას პროგნოზირებს.
ამის შესახებ კოპენჰაგენში, ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, – იტყობინება ndtv.com.
კლუგეს თქმით, დეკემბრის დასაწყისისთვის ევროპის რეგიონში კიდევ 236,000 ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს.
მისი შეფასებით, ამ დრომდე ევროპასა და ცენტრალური აზიის 53 ქვეყანაში ვირუსს 1,3 მილიონი ადამიანი შეეწირა, 64 მილიონი დაინფიცირდა.
კლუგემ შეშფოთება გამოთქვა ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის გამო. მისი თქმით, რეგიონის 33 ქვეყანაში ბოლო დროს ეს მაჩვენებელი 10 და მეტი პროცენტით არის გაზრდილი.
ჯანმო-ს წარმომადგენელმა მიმდინარე ინფიცირება ახსნა “დელტა” ვარიანტის ფართოდ გავრცელებით, კორონავირუსული შეზღუდვების გაუქმებითა და ტურიზმის ზრდით.
მან მოუწოდა ქვეყნებს ვაქცინაციის ტემპების ზრდისკენ და ხაზი გაუსვა, რომ რეგიონის ნაკლებ მდიდარ ქვეყნებში საშუალო მოსახლეობის მხოლოდ 6%-ია აცრილი.