მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ეძებს საბაბს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ მათ ეს მოუწევთ
“ჩვენი ინფორმაცია დადასტურდა, ისინი ეძებენ საბაბს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მათ ეს მოუწევთ”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ნაწილის მოსაზრებას, რომ ეპიდვითარების გამო არჩევნების გადადებაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს.
მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კოვიდისგან მიყენებული ზიანი რაც შეიძლება ნაკლები იყოს.
„3 კვირის წინ გვქონდა ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა კონკრეტული დავალება მიცემული, შეექმნათ საინფორმაციო ფონი და საბაბი იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ იმ არჩევნების მიმართ, რომელთა დაკავშირებითაც ისინი სიტყვა რეფერენდუმსაც იყენებენ. ამის შესახებ ვუთხარით საზოგადოებას და ჩვენი ინფორმაცია დადასტურდა, ისინი ეძებენ საბაბს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ ეს მათ მოუწევთ.
ამასთან, სააკაშვილს შემთხვევით გაეპარა შეცდომა და რამდენიმე დღის წინ დავალება, რომელიც შიდა ჩატში უნდა ყოფილიყო ჩაშლილი, საჯაროდ გამოაქვეყნა. მისი დავალებაა, რომ ყველა ადამიანი, ვინც კოვიდინფექციას ემსხვერპლება, უნდა მიეწეროს „ქართულ ოცნებას“. ახლა ხდება ამ ორი დავალების კორელაცია და ცდილობენ, რომ ეს საბაბი გამოიყენონ ერთი მხრივ ბოიკოტისთვის და მეორე მხრივ „ქართული ოცნების“ გაშავებისთვის. რეალურად ხდება აბსოლუტურად განსხვავებული რამ. სახელმწიფო ცდილობს შემდეგს – დაიცვას ბალანსი ერთი მხრივ, რომ არ შეფერხდეს პოლიტიკური პროცესები, არ გაჩერდეს ეკონომიკა, იმიტომ რომ ამან შეიძლება დიდი ზიანი მოუტანოს ქვეყანას და იმ ადამიანებს, ვინც ისედაც გაჭირვებაში ცხოვრობენ. შეიძლება ისინი შიმშილის პირას მივიდნენ იმ გადაწყვეტილებით, რომ ჩვენ სრული „ლოქდაუნი“ გამოვაცხადოთ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კოვიდისგან მიყენებული ზიანი რაც შეიძლება ნაკლები იყოს. ახლა სამი მიზნის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ და ვთქვათ, რომ არცერთი პროცესი – არც დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესი და არც ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ უნდა იყოს მეორეხარისხოვანი და უნდა მოვძებნოთ ბალანსი ამ სამ უპირატეს სახელმწიფო ინტერესს შორის. უნდა მოვახერხოთ, რომ დავიცვათ რეგულაციები, მოვუწოდოთ ერთმანეთს აცრისკენ, ეს მინიმუმამდე დაიყვანს რისკებს“, – განაცხადა მდინარაძემ.