ცესკო-ს თავმჯდომარე: ამ ეტაპზე, არჩევნების გადადების საჭიროება არ დგას
ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების გამოცდილება აქვს და, შესაბამისად, ქვეყანაში არჩევნების გადადების საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.
“ჩვენ მიერ გადადგმული ის ნაბიჯები, დაწყებული შესაბამისი ბაზის შექმნიდან, აქტივობებიდან, ვაქცინაციიდან და ა.შ. გვაძლევს იმის სრულ შესაძლებლობას, იმ სამზადისის განხორციელების აუცილებლობას, რასაც წინასაარჩევნო ეტაპი მოიცავს.
დღევანდელი მდგომარეობით, მიუხედავად დღიურად გამოვლენილი ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა არ არსებობს გადადების ან შეჩერების აუცილებლობა. გასულ წელს ამ გამოწვევის წინაშე ვიდექით, საარჩევნო ადმინისტრაციას დაუგროვდა საკმაო გამოცდილება არჩევნების მართვის და ადმინისტრირების.
დიდი იმედი მაქვს, საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად, ამ დიდ, გამოცდილ გუნდთან ერთად შევძლებთ, რომ 2 ოქტომბრამდე მივიდეთ და უსაფრთხო გარემოში ჩავატაროთ არჩევნები. ამ შემთხვევაში გადადების საჭიროება არ არსებობს”, – აღნიშნა კალანდარიშვილმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.