დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 91 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს
დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორის, რევაზ კუჭუხიძის განცხადებით, ამ დროისთვის მათთან 91 პაციენტია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
„დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალში მოთავსებულია 91 პაციენტი. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. რამდენიმე პაციენტი არის საყურადღებო და შესაძლებელია, დღის განმავლობაში მათი რეფერირება მოხდეს პროფილური სამედიცინო დაწესებულებაში. წუხელ განხორციელდა ერთი პაციენტის გადაყვანა საავადმყოფოში. მას აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. ჯამურად, ჰოსპიტალიდან, მათი მდგომარეობის დამძიმების გამო, სულ ხუთი პაციენტის გადაყვანა მოხდა. ამ ეტაპზე, ჰოსპიტალს ჟანგბადის ნაკლებობა არ აქვს, ყველა პაციენტს მიეწოდება საჭირო რაოდენობით“, – განაცხადა კუჭუხიძემ.