„ყველა ჩემი ნამუშევარი შვილივით მიყვარს“ – ცივი ფაიფურით შექმნილი სილამაზეები და ბაღი მთაწმინდაზე, რომლის კარიც არასოდეს იკეტება

ხაშურში გაიზარდა. ხატვა და ძერწვა ბავშვობიდან უყვარდა. მე-5 კლასში იყო, როდესაც მისი პირველი სერიოზული ნამუშევარი პლასტელინის ბალერინა სკოლის საგამოფენო დარბაზში მოათავსეს. საბოლოოდ მაინც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა. მოგვიანებით კი ცივმა ფაიფურმა დააინტერესა და მის ცხოვრებაში ახალი ხანა დაიწყო.
ქმნის ორიგინალურ ყვავილებს, სააღდგომო  და საახალწლო აქსესუარებს,  კვერცხებს, ანგელოზებს, კალათებს, ლარნაკებს…
ამბობს, რომ  ყველა ნამუშევარი შვილივით უყვარს და ვერ ელევა გასაყიდად.
2019 წელს ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მისი გამოფენა – „ცივი ფაიფურის სამყაროში“ გაიმართა.
ხელნაკეთი ნივთების დამზადებასთან ერთად აქვს ულამაზესი ჰობი – მთაწმინდაზე თავისი ხელით გააშენა ბაღი – პატარა სამოთხე, სადაც კარი არასოდეს იკეტება. – ქეთევან ბარბაქაძის პერსონა.
– დავიბადე და გავიზარდე ხაშურში, დედა პედაგოგი მყავდა, მამა – მშენებელი-ინჟინერი, ნამდვილად ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ჩვენს ოჯახში მთავარი პრიორიტეტი განათლება იყო. ხშირად ჩამოვდიოდით თბილისში, თეატრალურ პრემიერებზე. ძალიან მიყვარდა ბალეტი და ბალერინები. ამიტომ ჩემი პირველი სერიოზული ნამუშევარი პლასტელინის ბალერინა იყო, რომელიც სკოლის საგამოფენო დარბაზში მოათავსეს, მაშინ ალბათ მეხუთე კლასში ვიქნებოდი.
გასახსენებელი ბევრი მაქვს: მესამე კლასში ვიქნებოდი, მშობლებმა საახალწლოდ მოსკოვში წამიყვანეს, ერთ-ერთ მუზეუმში ლენინის ბიუსტი იდგა, არ მომეწონა, ცხვირის ნესტოები რაღაც ძალიან გაპარტყული მეჩვენა, ფეხის წვერებზე ავიწიე და ცხვირზე ხელი მოვუჭირე, მახსოვს, როგორ სწრაფად გამოსწია მამამ, რომელსაც უჩვეულოდ აღელვებული სახე ჰქონდა, დღეს კი ვხვდები, რატომაც…
– ხატვა და ძერწვა ბავშვობიდან გიყვარდათ, მაგრამ მაინც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარეთ…
– ძალიან მინდოდა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ მაშინ ალბათ ძალიან დაბალი თვითშეფასება მქონდა, არ ვთვლიდი, რომ დიდ ხელოვნებას ახლოს უნდა გავკარებოდი, არც ახლა ვთვლი, მაგრამ ვიცი, აკადემია  უფრო ბევრს მომცემდა.
– ცივი ფაიფურის რეცეპტს მოგვიანებით ინტერნეტში მიაკვლიეთ და მას შემდეგ ახალი ხანა დაიწყო თქვენს ცხოვრებაში…. პირველი ნამუშევრები…
– ცივი ფაიფურის რეცეპტს ინტერნეტში მივაკვლიე, თუმცა ნამდვილ ფაიფურთან არავითარი საერთო არ აქვს, მაინც ძალიან დამაინტერესა, მალევე შევიძინე მასალები და ჩემივე ხელით მოვზილე ეს საკმაოდ სასიამოვნო ცომი, რომლისგანაც რასაც მინდოდა, იმას გავაკეთებდი („მე ამისგან გავაკეთებ“) და რაც მთავარია, გამოწვა არ სჭირდება, რაც სახლის პირობებში საკმაოდ მოსახერხებელია.
პირველი იყო ყავის  ჭიქიდან ფინჯანზე კასკადურად გადმოღვრილი ფერად-ფერადი ყვავილები, რომელიც დღემდე არავისთვის მიჩუქებია.
– 5 წელია ცივი ფაიფურით მუშაობთ… ორიგინალური ყვავილები, სააღდგომო და საახალწლო აქსესუარები,  კვერცხები, ანგელოზები, კალათები, ლარნაკები…
– შვიდ წელზე მეტია, ცივი ფაიფურით ვმუშაობ, ორი  ერთნაირი ნამუშევარი არასოდეს გამიკეთებია. განსაკუთრებით სააღდგომო კვერცხები მიყვარს და, საერთოდ, ყველა ნამუშევარი ჩემთვის შვილივითაა, ამიტომაც ვერ ველევი ალბათ გასაყიდად, ვჩუქნი ახლობლებს, რომლებთანაც შემიძლია პერიოდულად მოვინახულო.
ჩემს მეზობელ საუკეთესო ახალგაზრდა წყვილს შვიდი წლის განმავლობაში შვილი არ ეძლეოდა, დაბოლოს, ღმერთმა ინება და უსაყვარლესი ერეკლე შეეძინათ. ამ ამბავმა ძალიან გამახარა და სათანადო იდეაც მომცა: დასაკიდ სარწეველაში მძინარე ახალშობილი, რომელიც, რა თქმა უნდა, მათ ვაჩუქე.

ბაღი მთაწმინდაზე

– საინტერესო ნამუშევრები გაქვთ – როდესაც ცივ ფაიფურს „მწვანე ოთახის“ გალამაზებისთვის ქმნით… ვის ოთახს ამშვენებენ ისინი?
– „მწვანე ოთახი“ ჩემი ვაჟის სახლში სტუმრებისთვის განკუთვნილი საძინებელია, ჩემს რძლებს ძალიან  მოსწონთ ჩემი ნამუშევრები, ამიტომაც კოლექციის დიდი ნაწილი მათთანაა.
– პანდემია… დადებითად იმოქმედა თუ უარყოფითად? როგორ მუშაობთ?
– პანდემიის გარეშეც აქტიურად ვმუშაობდი. ასე რომ, ჯობია, თავი დაგვანებოს და ასეც იქნება, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული.
– ეს გამოფენა ჩემს მშობლიურ ქალაქში მუზეუმის ადმინისტრაციის მოწვევით გაიმართა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ, მეორე – ეს გამოფენა დედაჩემის ხსოვნას ეძღვნებოდა, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა და აუსრულებელი დარჩა სურვილი, ნამუშევრების გამოფენა გაემართა. ის ულამაზეს მაკრამეს ქსოვდა.
– 2019 წელს ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა თქვენს გამოფენას – „ცივი ფაიფურის სამყაროში“ უმასპინძლა…
– პანდემიის გამო გამოფენები აღარ იმართება. ალბათ გაქვთ თქვენი გვერდი. ყველაზე მეტად რომელი ნამუშევრები მოსწონთ თქვენს თაყვანისმცემლებს?
– ჩემი გვერდია Art Accessorize by Ketevan Barbaqadze. ბოლო ნამუშევრებიდან ყველაზე ძალიან ყაყაჩოები მოეწონათ.
– ჰობი…
– ჰობი – პატარა ბაღია მთაწმინდაზე, პატარა სამოთხე, რომელიც ჩემი ხელით გავაშენე, სადაც კარი არასოდეს იკეტება და ყველა ბავშვს ხვდება მიმობნეული სათამაშოებით. კიდევ – გვრიტების საყვარელი ადგილია, სადაც მარცვლეულით ვუმასპინძლდები.
– გაქვთ დიდი ოჯახი…
– მყავს მეუღლე, ქეთო და კოტე გახლავართ, საკმაოდ ბედნიერად შევაბერდით ერთმანეთს. გვყავს სამი ვაჟი, უმცროსი შვილობილია, სამივე დაოჯახებულია სამ ჭიკჭიკა გოგონაზე, რომლებთანაც ძალიან კარგად ვმეგობრობ.
ეს ახალგაზრდები – ყველა დასაქმებული და წარმატებულია.  ჯერჯერობით მყავს ერთი შვილი – ნინი, ისიც უკვე წარმატებულია. ერთი თვის იყო უკვე, ხელფასს იღებდა. გადაღებულია ,,ჩემი ცოლის დაქალებში“.
– სამომავლო გეგმები…
– ვიცოცხლო იქამდე, სანამ რამის შექმნა შემიძლია, ეს ლიტონი სიტყვები არ არის.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები