გივი მიქანაძე: მოვუწოდებთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მომავალში მეტი ყურადღებით დააკვირდნენ საარჩევნო ღონისძიებებს და აღარ დაუშვან მათი არასწორი ინტერპრეტირება 

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მომავალში მეტი ყურადღებით დააკვირდნენ საარჩევნო ღონისძიებებს და აღარ დაუშვან მათი არასწორი ინტერპრეტირება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა იყო ის, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები მეტწილად დაბალი სტანდარტით აფასებდნენ არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფაქტსა და მოვლენას.

ამ ნაკლოვანების მორიგ გამოვლინებად უნდა შეფასდეს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მხრიდან ოზურგეთში ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის მიერ სამედიცინო მუშაკებთან გამართული შეხვედრის არასწორი ინტერპრეტირება.

კერძოდ, ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 48-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე მითითებით, ამ ორგანიზაციამ გაასაჩივრა აღნიშნული შეხვედრა, რასაც არ ჰქონდა არავითარი საფუძველი.

საარჩევნო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა კრძალავს საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების, ასევე, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების, მასწავლებლების და იქ დასაქმებული სხვა პირების სამსახურეობრივი ნიშნით შეკრებას.

ავთანდილ თალაკვაძემ შეხვედრა გამართა კერძო სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან, ხაზს ვუსვამ, კერძო სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან, რომელიც არ ხვდება არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმში. შეხვედრას ესწრებოდა საჯარო სამედიცინო დაწესებულების მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი, რაც ასევე არ არის საარჩევნო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევა.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მომავალში მეტი ყურადღებით დააკვირდნენ საარჩევნო ღონისძიებებს და აღარ დაუშვან მათი არასწორი ინტერპრეტირება და შეფასება, რამაც საარჩევნო გარემოზე უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს”, – აცხადებს მიქანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები