„ჩვენი ოჯახისთვის დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაც, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სწორედ ავთანდილ თალაკვაძეზე შეაჩერა არჩევანი, მიღებული განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შემდეგ, ჩვენ და ჩვენი თაობა ვბრუნდებით ოზურგეთში და გვაქვს რწმენა, რომ შევძლებთ საქმის გაკეთებას ამ ქალაქისა და ჩვენი ულამაზესი სოფლებისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების” ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი მომავალზე ორიენტირებულია და გურიას ყოველთვის ყველაზე მეტად აინტერესებდა მომავალი.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის მომავალზე ორიენტირებული და გურიას ყოველთვის ყველაზე მეტად აინტერესებდა მომავალი. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი ღირებულება გახლდათ მომავლის რწმენა, მეტი მეგობრები და კარგი განათლება.
გურულებს პატრიოტიზმთან ერთად ყოველთვის ჰქონდათ ინტერესი გლობალური პოლიტიკის მიმართ, ყოველთვის უყვარდათ თავისუფლება და არც მომავალში დათმობენ ამ თავისუფლებას. სწორედ ამიტომ ჩვენი წინაპრები მოგზაურობდნენ ევროპის დედაქალაქებში, მოგზაურობდნენ აშშ-ი და დღესაც, როგორც მაშინ თითოეულ გურულს თავის სამოსახლოსთან ერთად მსოფლიოს ამბებიც აინტერესებს. სწორედ ამიტომ, მიღებული განათლების და სამუშაო გამოცდილების შემდეგ, ჩვენ და ჩვენი თაობა ვბრუნდებით ოზურგეთში. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო პროგრამა. ეს არ არის მხოლოდ საყოფაცხოვრებო საკითხები, არამედ ბევრი ახალი პროექტი რაზეც მინისტრები საუბრობდნენ, რაზეც პრემიერ მინისტრმა ისაუბრა, ეს არის პროგრესი და პროგრესი პირველ რიგში იქმნება განათლებით, თანამშრომლობით და ჩვენ ზუსტად ამ მისიით, ამ მიზნით ჩამოვედით აქ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, პარტიაში კანდიდატებთან დაკავშირებით იყო ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია და არაერთი ღირსეული გურული იყო განხილული მერობის კანდიდატად.
„თუმცა, ჩვენთვის დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაც, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სწორედ ავთანდილ თალაკვაძეზე შეაჩერა არჩევანი. როდესაც მან რჩევა გვკითხა ოჯახს, ჩვენი მშობლების პასუხი გახლდათ სწრაფი და ძალიან უბრალო. მათ უთხრეს, რომ შენ მოვალე ხარ, დაბრუნდე შენს ქალაქში და შენს მხარეში. მოვალე ხარ, შენს საზოგადოებას გადაუხადო ვალი ახალი პროექტებით და საქმით და სწორედ ამის შემდეგ მან მიიღო ის შეთავაზება და მნიშვნელოვანი გამოწვევა, რასაც ჰქვია მერის არჩევნებში მონაწილეობა. ძვირფასო გურულებო, ძვირფასო მეგობრებო, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ კიდევ არაერთი ოჯახი გვრჩება გაჭირვებასთან პირისპირ. კარგად გვესმის, რომ ქალაქსა და სოფელში კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, თუმცა ის რაც ამ წლების განმავლობაში გაკეთდა, არის ფუნდამენტი ნებისმიერი თავისუფალი და პროგრესული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის და ეს ფუნდამენტი პირველ რიგში გახლავთ თავისუფლება, ღირსება, მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, საკუთრების დაცვა, ბიზნესის თავისუფლება, თავისუფალი მედია და სამოქალაქო საზოგადოება. ეს ყველაფერი გურიისთვის ყოველთვის იყო პრინციპული და მომავალშიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მე პირადად ვიყავი იმ სამუშაო შეხვედრის მომსწრე და მსურს ბატონ პრემიერ მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი გუნდის ლიდერებს გადავუხადო მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რითაც ავთანდილ თალაკვაძე ჩამოვიდა აქ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და მერწმუნეთ, რომ ის შეძლებს დამატებითი დაფინანსების მოზიდვას. ის შეძლებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების სწრაფად უზრუნველყოფას, სწრაფად მიტანას თავის პოლიტიკურ გუნდთან და ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან. რა თქმა უნდა ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია, რომ აქ პროგრესი უზრუნველვყოთ, მხოლოდ ერთად შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ ის საქმეები რაც სჭირდება ჩვენს ოზურგეთს და ჩვენს ქვეყანას. მერწმუნეთ, რომ ავთანდილ თალაკვაძეს არავისთან არ დასჭირდება შუამავალი, არავისთან არ დასჭირდება თარჯიმანი, ის უშუალოდ ესაუბრება ახალგაზრდებს, ჩვენს პატივცემულ ხანდაზმულ ადამიანებს, მშობლების თაობას.
მინდა კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენს ოჯახს, ჩემს მშობლებს, ჩემს მეუღლეს, შვილებს და ჩვენს დიდ ოჯახს, რომელიც დღეს აქ სრულად არის წარმოდგენილი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მშობლებს და ჩვენს მასწავლებლებს, ვინც აქ ესწრებიან. მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დამსახურება და თქვენი ზრუნვის შედეგი გახლავთ ის, რომ ჩვენ დღეს ვბრუნდებით ოზურგეთში და გვაქვს პრეტენზია, რომ შევძლებთ საქმის გაკეთებას ამ ქალაქისთვის და ჩვენი ულამაზესი სოფლებისთვის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.