ცესკო-ს თავმჯდომარე გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.
„მე ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული არჩევნები საქართველოსთვის იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი და სწორედ ეს არჩევნები გააძლიერებს ამომრჩეველთა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესების მიმართ“, – განაცხადა გერმანიის სრულუფლებიანმა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ცესკო-ს თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრის მთავრი თემა 2021 წლის 2 ოქტომბერს დაგეგმილი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა ელჩთან საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და უკვე განხორციელებული საქმიანობებისა და საარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. როგორც ჰუბერ ქნირშმა აღნიშნა, გერმანიის საელჩო ყურადღებით დააკვირდება შემოდგომაზე დაგეგმილ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს.
„საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა საარჩევნო პროცესებში, მათი დაკვირვება, მიგნებები და რეკომენდაციები სამომავლოდ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის გაჯანსაღების მიმართულებით; სწორედ ამიტომ გერმანიის საელჩოსთან გვექნება აქტიური თანამშრომლობა; ჩვენ არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მათ წარმომადგენლებთან გავმართეთ შეხვედრები და მომავალშიც ასე მჭიდროდ გავაგრძელებთ მათთან ურთიერთობას, რომ თითოეულს ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.