კახა კუჭავა: გურულებს კარგად გესმით პოლიტიკა და დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებთ
“გურულებს კარგად გესმით პოლიტიკა და დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებთ, მხარს დაუჭერთ იმ განვითარებას, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა ამ ქვეყანაში და ნამდვილად შემიძლია, ვთქვა, რომ ლანჩხუთი განსაკუთრებით გამორჩეულია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების” ლანჩხუთის მერობის კანდიდატის, ალექსანდრე სარიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს. მიხარია, რომ მაქვს საშუალება, მოგმართოთ განსაკუთრებულად თბილ, მოსიყვარულე ხალხს.
აქაურობასთან მე ჩემი ისტორია მაკავშირებს – ჩემი გამზრდელი ბებია ლანჩხუთიდანაა, ლანჩხუთიდან არის მისი გვარი. ბევრი ტრადიციაა, რომელიც ოჯახში გვაქვს, განსაკუთრებით კი აღვნიშნავდი შობას, სანამ გურულ ღვეზელს მიირთმევ, წელზე სამჯერ უნდა შემოიტარო ეს ღვეზელი და მადლობა უთხრა განვლილ წელს, ოჯახს და ქვეყანას უსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა. ვცდილობ, ეს ტრადიცია და განსაკუთრებული სითბო ჩემს შვილებსაც გადავცე.
თქვენ მართლაც განსაკუთრებულები ხართ ბევრი მიმართულებით. ტყუილად არ უთქვამთ თქვენზე „ლანჩხუთელებმა გადარიეს მთელი დუნიაო” – ეს არ არის მხოლოდ ფეხბურთზე ნათქვამი. ბევრი წარმატება და ბევრი ჩემპიონია, ვინც აქ გაზრდილა. მიხარია, რომ ათწლეულების შემდეგ, ის სახელოვანი კლუბი, რომელმაც თავის დროზე დიდი წარმატება მოუტანა და სახელი გაუთქვა ჩვენს ქვეყანას, დღეს აგრძელებს ფუნქციონირებას აკადემიის სახით. დარწმუნებული ვარ, ბევრი ძლიერი ქართველი, ჩემპიონი იქნება გაზრდილი ამ რეგიონში და ამ კლუბის მეშვეობით.
წარმატება ბევრია სხვა მიმართულებით და ეს არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობა. არაერთი პროექტია, რომელიც აქ მიმდინარეობს და ხორციელდება – ინფრასტრუქტურული, მათ შორის, შემოვლითი გზა, რომელიც რეგიონებს შორის გადაადგილებას უფრო დააჩქარებს.
დარწმუნებული ვარ, ის გეგმები, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას გააჩნია, რომელმაც როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში თქვენ უნდა მოგიტანოთ სარგებელი, აუცილებლად საჭიროებს ძლიერ, ადგილობრივ თვითმმართველობის გუნდს, მერსა და საკრებულოს, რომელმაც უნდა შეუწყოს ხელი, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს ისე, როგორც დაგეგმილია, თქვენ სასარგებლოდ და თქვენი კეთილდღეობისთვის.
გურულებს კარგად გესმით პოლიტიკა და დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებთ, მხარს დაუჭერთ იმ განვითარებას, რომელიც ჩვენ, წლების განმავლობაში გვქონდა ამ ქვეყანაში და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ლანჩხუთი განსაკუთრებით გამორჩეულია. ადრე, ასეთი მასშტაბით არ განხორციელებულა არც ერთი პროექტი, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდა და ვისურვებდი, კიდევ უფრო გაათმაგდეს ტემპი.
ღირსეული კანდიდატი გვყავს, რომელიც დაფუძნების დღიდან წარმოადგენს ჩვენს ძლიერ გუნდს და დარწმუნებული ვარ, ის კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს ამ მუნიციპალიტეტისთვის, ამ ქალაქისთვის, ლანჩხუთელებისთვის”, – განაცხადა კუჭავამ.