ღვინის ეროვნული სააგენტო – მოვუწოდებთ რთველის პროცესში ჩართულ ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, დროულად ჩაიტარონ აცრა

რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრების უმრავლესობა ვაქცინირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რამდენიმე დღეში კახეთის რეგიონში რთველი დაიწყება. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა, მათ შორის, რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა უკვე ორჯერადად ვაქცინირებულია. სააგენტოს განმარტებით, რამდენიმე თანამშრომელი, რომლებსაც კორონავირუსი ახალი გადატანილი აქვთ, ექიმების რეკომენდაციით, აცრას შესაბამისი პერიოდის გასვლის შემდეგ ჩაიტარებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რთველის პერიოდში, ყველა ადამიანი, რომელიც ამ პროცესშია ჩართული, აცრილი იყოს, რადგან ამ დროს ადამიანებს შორის ინტენსიური კონტაქტია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ღვინის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს რთველის პროცესში ჩართულ ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, დროულად ჩაიტარონ აცრა, რათა პანდემიის ასეთი მასშტაბის პირობებში, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, გაიაზრონ პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე, რომლებთანაც მათ რთველის პერიოდში სისტემატური და მჭიდრო კომუნიკაცია ექნებათ.

საკოორდინაციო შტაბის წევრების ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და რთველის პროცესის შეუფერხებელი წარმართვის მიზნით, შტაბის წევრებს კვირაში ორჯერ ტესტირება ჩაუტერდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები