გიორგი გახარია: არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, ვინმე თუ მითვალთვალებს – სამწუხარო ის არის, რომ სახელმწიფო რესურსი იხარჯება ამაში
პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარე რეგიონებში ვიზიტს განაგრძობს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ დღეს პარტიის ახალი ოფისი ჩოხატაურში გახსნა. გახარიამ მედიის კითხვებს სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების მიერ ადევნების, თვალთვალისა და მოსახლეობის დაშინების მცდელობების შესახებაც უპასუხა.
„მე არანაირ ბრალდებებს არ ვაყენებ და მე არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, ვინმე თუ მითვალთვალებს – აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. აქ სამწუხარო ის არის, რომ სახელმწიფო რესურსი იხარჯება ამაში. მე ხომ ვიცი, ადამიანები, რომლებიც ასეთ დავალებებს იძლევიან და ადამიანები, რომლებიც ასეთ დავალებებს იღებენ – ეს სერიოზულ უხერხულობას ჰქმნის.
მთავარი გამოწვევა აქ ის არის, რომ სახელმწიფო რესურსია ეს, მეგობრებო – მაშინ, როდესაც სახელმწიფოს უამრავი გამოწვევა აქვს – კოვიდია, პანდემიაა, კრიმინალთან ბრძოლაა საჭირო და რესურსი იხარჯება, თორემ მე მითვალთვალონ, არანაირი პრობლემა არ მაქვს”, – ამბობს გახარია.