კახა კუჭავა: 29 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთში ომი დაიწყო – ოკუპაცია დროებითია და შევძლებთ საქართველოს დროშის აღმართვას ისტორიულ რეგიონებშიც
ქართული დროშა, რომელიც ამ ციხესიმაგრეზეფრიალებს, ასე უნდა ფრიალებდეს ყველა ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ეკუთვნის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საგარეჯოს მერობის კანდიდატის, ავთანდილ გულიკაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ უდიდესი პრობლემა, რომლის წინაშე დღეს ჩვენი ქვეყანა დგას ოკუპირებული ტერიტორიების სახით, დასრულდება, ოკუპაცია დროებითია და შევძლებთ საქართველოს დროშის აღმართვას ამ ისტორიულ რეგიონებშიც.
„29 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთში ომი დაიწყო. ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს ის რთული პერიოდი, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ – დიდი გაჭირვება. ბოლო ორი დღის განმავლობაში, ჩვენ ვსტუმრობთ კახეთს, წარმოვადგენთ ყველა განხორციელებულ პროექტს და სიამაყით ვიმეორებთ, თუ რა გაკეთდა, რადგან გაკეთდა ბევრი რამ , რაც მოსახლეობისთვის ნამდვილად ხელშესახებია – ეს იგრძნობა და ჩანს. ყველაფერი იდეალურად არ არის, ბევრია სამუშაო, ახალი პროექტებია დასაწყები და განსახორციელებელი. ჩვენ გვაქვს მიზანი და გვაქვს გეგმა ყველა მიმართულებით, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ამ ქვეყნის განვითარება. რეგიონში ბევრი პროექტია განხორციელებული- ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ჩქაროსნული გზის პროექტი, ასევე, საგარეჯო-უდაბნო-დავითგარეჯის რეაბილიტაციის პროექტები,რაც უზრუნველყოფს, რომ კიდევ უფრო კომფორტული გახდეს დავით გარეჯის ულამაზესი მონასტრის მონახულება.
სასოფლო-სამეურნეო პროექტები, რომელიც ძალიან მრავალფეროვანია და საშუალებას გვაძლევს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ მოსახლეს ამა თუ იმ რეგიონში, ხელი მიუწვდებოდეს გრანტებზე. ციფრებში თუ შევხედავთ ვნახავთ, რომ ბევრი პროგრამის მონაწილე ადგილობრივი მოსახლეობაა. ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ახალი მერისთვის და საკრებულოსთვის, მოსახლეობამდე ინფორმაციის კიდევ უფრო მეტად მიწოდება უნდა იყოს და ასევე, ხელშეწყობა მშრომელი ხალხის. მნიშვნელოვანია, ვახსენო პროექტი ,,უდაბნო“, რომელიც პირველ რიგში, განავითარებს აგროწარმოებასა და აგროტურიზმს, რაც ძალიან სჭირდება ამ რეგიონს. 55 მილიონი ლარის ქართული ინვესტიცია პირველ რიგში მიუთითებს, თუ რამდენად დიდია მოთხოვნა.
კიდევ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი დასაქმებას და რაც მთავარია, ხარისხიანი პროდუქციის შექმნას, რომელიც თავისი ხარისხით და ბიოლოგიური სისუფთავით სახელგანთქმული იქნება. გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან, ვაჭრობის შეთანხმებები ბევრ ქვეყანასთან და ეს არის შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და ამ შესაძლებლობის შესახებ უნდა იცოდეს თითოეულმა მოსახლემ. ამ კუთხით, წამყვანი როლი ადგილობრივ თვითმმართველობას აკისრია. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ დადებს დამაჯერებელ შედეგს პირველივე ტურში და ჩვენ ნამდვილად შევძლებთ, ვიამაყოთ იმ შედეგებით, რომელიც მომავალში გვექნება“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.