ირაკლი ღარიბაშვილი – ბოლო 8 წლის განმავლობაში დავაგეთ 150 კმ. მაგისტრალური გზა, ე.წ. ავტობანი; შედარებისთვის, 2012 წლამდე, სულ დაგებული იყო 68 კმ. გზა; დაახლოებით, 2 850 კმ.-ის გზებს ჩავუტარეთ რეაბილიტაცია
ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენ დავაგეთ 150 კმ. მაგისტრალური გზა, ე.წ. ავტობანი. შედარებისთვის, 2012 წლამდე, სულ დაგებული იყო 68 კმ. გზა. ამ დროს, განცდა იყო იმის, რომ თითქოს მთელი საქართველო დააგეს და მთელი საქართველო ავტობანებად გადააქციეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, რეალობა სულ სხვა იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების” ახმეტის მერობის კანდიდატის ალექსი ფიცხელაურის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ახმეტაში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიც არის გზების, გაზმომარაგების, წყალმომარაგების პრობლემა. „ჩვენი დაპირებით და ჩვენი გეგმის მიხედვით, 2024 წელს, ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგების სისტემა აწყობილი. 3 000 სოფელი ჯერ კიდევ ვერ სარგებლობს ხარისხიანი წყალმომარაგებით. პრობლემები არის გზების, გაზმომარაგების მიმართულებით.
მაგალითისთვის გეტყვით, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენ დავაგეთ 150 კმ. მაგისტრალური გზა, ე.წ. ავტობანი. შედარებისთვის, 2012 წლამდე, სულ დაგებული იყო 68 კმ. გზა. ამ დროს, განცდა იყო იმის, რომ თითქოს მთელი საქართველო დააგეს და მთელი საქართველო ავტობანებად გადააქციეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, რეალობა სულ სხვა იყო.
მე არ მინდა ვინმეს შევედარო, მაგრამ რეალობისთვის, შედარებისთვის, მინდა ჩვენს მოსახლეობას ეს ანგარიში ჩავაბარო. ამას გარდა, დაახლოებით, 2 850 კმ.-ის გზებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, დაიგო ახალი გზები, ისეთ სოფლებში, რაიონებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც პრაქტიკულად, გზა საერთოდ არ ყოფილა მანამდე. ჯამში, 7 000 კმ. გზების რეაბილიტაცია-აღდგენა მოვახერხეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში.
ეს საკმარისია? რა თქმა უნდა – არა. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ბევრი სკოლის რეაბილიტაცია და აშენება მოხდა, ახალი საბავშვო ბაღების, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ერთიანი ევროპული სტანდარტის დანერგვა ყველა მუნიციპალიტეტში. ახლა ჩვენ ვიწყებთ, მაგალითად, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, როგორიც არის, თუნდაც, ურბანული განახლების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ევროპული ცენტრების მოწყობას ყველა მუნიციპალიტეტში.
ჩვენ უნდა შევიტანოთ ევროპული ხელწერა, ევროპული სულისკვეთება, ევროპული ტიპის ქალაქებად უნდა ვაქციოთ ყველა ქალაქი, ყველა მუნიციპალიტეტი, უნდა შევქმნათ ახალი რეკრეაციული სივრცეები, ახალი ტურისტული მიმზიდველობის ცენტრები უნდა შევქმნათ თითოეულ მუნიციპალიტეტში. ახმეტას ამის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია.
მთავრობა, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა და დახმარება წამოვიდეს ახმეტის მუნიციპალიტეტში”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.