თეა ახვლედიანი: უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 2 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა. კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი პირიდან ხვალ ერთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენ მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.

ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 589 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 211.

“საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008-წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება არის სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ვახორციელებთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით. ამ ეტაპზე მოხერხდა 5 ნეშტის მოძიება და იდენტიფიცირება. დღეს სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ჩვენ შევხვდით მათ ოჯახებს და ახლობლებს და გადავეცით სრული ინფორმაცია იდენტიფიკაციის პროცესსა და ამ კუთხით განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით. 5 პირიდან, 3 არის სამოქალაქო პირი და 2 სამხედრო, მათ შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქე, რომელიც იბრძოდა საქართველოს ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის. დღეს სამების საკათედრო ტაძარში დაიწყო მათი სათანადო პატივით დაკრძალვის ცერემონიალი სამოქალაქო პანაშვიდით, რათა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება პატივი მიაგოს საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაკარგულთა ხსოვნას. ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ ამ პროგრამას. 2300-ზე მერი პირი კვლავ ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად და უაღრესად მნიშვნელოვანია მათ შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით ძალისხმევის გაგრძელება, რათა დასრულდეს მათი ახლობლებისთვის გაურკვევლობა და მოლოდინი, რაც მცირედით მაინც ანუგეშებს მათ. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო სამების საკათედრო ტაძარში დღეს დასვენებულ პირთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს,”- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები