პაატა იმნაძე: მინდა, მოსახლეობას მივამართო, ექიმმა ჩაუწეროს პირდაპირ, რატომ ეუბნება უარს აცრაზე, რა მიზეზით; მოითხოვეთ, რომ ექიმმა ეს ჩანაწერი გააკეთოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილე, პაატა იმნაძე მოუწოდებს მოსახლეობას, ექიმს, რომელმაც აცრის რეკომენდაცია არ მისცა, ჩანაწერი გააკეთებინოს, რა მიზეზით ეუბნება უარს.

როგორც მან ვებინარზე განაცხადა, არაკომპეტენტურობას გამოავლენენ ის ექიმები, ვინც ჩაწერენ, რომ მოქალაქეს აცრაზე უარს ბავშვობაში გადატანილი „ჭინჭრის ციების“ გამო ეუბნებიან. აღნიშნულით ის გამოეხმაურა შემთხვევას, როდესაც მოქალაქეებს აცრაზე უარს სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, ალერგიის გამო ეუბნებიან.

„ჩემთვის ნამდვილად ძალიან მძიმე კითხვაა. იცით, დიდი ხანია, აღარ ვარ კლინიცისტი მე ამას ვუდგები საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრიდან, თუ ვაქცინას არ უწერია კონკრეტული უკუჩვენება ინსტრუქციაში, ყველა დანარჩენი ადამიანისთვის, ეს ვაქცინა აბსოლუტურად მისაღებია. არ არსებობს უკუჩვენება, რასაც ჰქვია ალერგია. ბიძინა კულუმბეგოვმა თითქმის ყველა ექიმს ჩაუტარა ტრენინგი და კიდევ რაღაც მითიურ ალერგიებს იშველიებენ.

მინდა, მოსახლეობას მივამართო, ექიმმა ჩაუწეროს პირდაპირ, რატომ ეუბნება უარს აცრაზე, რა მიზეზით. მოითხოვეთ, რომ ექიმმა ეს ჩანაწერი გააკეთოს. დამერწმუნეთ, რომ შემდეგ ამას აღარ იტყვიან. ამით თავის არაკომპეტენტურობას გამოავლენენ ისინი, ვინც ჩაწერენ, რომ ბავშვობაში ჰქონდა „ჭინჭრის ციება“, ამიტომ ეუბნებიან უარს აცრაზე“, – აღნიშნავს იმნაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები