ნინო გიორგობიანი: პრემიერის განცხადების ინტერპრეტაცია, თითქოს, საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, აბსოლუტურად უსაფუძვლო და არასწორია
საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ პრემიერის განცხადებას ინტერპრეტაცია, თითქოს, საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, აბსოლუტურად უსაფუძვლო და არასწორია.
„მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილის მხრიდან არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა პრემიერმინისტრის მიერ ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენისას, ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
პრემიერის განცხადების ინტერპრეტაცია იმგვარად, თითქოს, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, აბსოლუტურად უსაფუძვლო და არასწორია.
ირაკლი ღარიბაშვილი ყველა საჯარო გამოსვლისას ყურადღებას ამახვილებს აცრის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე პანდემიის დამარცხების პროცესში და ანალოგიური შინაარსის იყო ლაგოდეხში დღეს გაკეთებული განცხადებაც.
პრემიერმინისტრი საუბრობდა სხვა ქვეყნის მაგალითზე, სადაც მსჯელობენ, რომ ვაქცინაცია, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სავალდებულო გახდეს“, – აღნიშნავს ნინო გიორგობიანი.