ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოს მასშტაბით, გვაქვს საწოლფონდთან დაკავშირებით კრიტიკულად სერიოზული პრობლემები
“ჩვენ არა მხოლოდ ბათუმში, საქართველოს მასშტაბით გვაქვს საწოლფონდთან დაკავშირებით კრიტიკულად სერიოზული პრობლემები – ყველანაირად ვმუშაობთ, რომ მობილიზებული იყოს საწოლფონდი და როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ნამდვილად ვგრძნობთ პასუხისმგებლობას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აჭარაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, აღნიშნული პრობლემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება.
„ჩვენ არა მხოლოდ ბათუმში, საქართველოს მასშტაბით გვაქვს საწოლფონდთან დაკავშირებით კრიტიკულად სერიოზული პრობლემები და ამისათვის ბათუმის ჰოსპიტალურ სექტორთან შეხვედრები გვქონდა და მაქსიმალურად შევეცადეთ, გაგვეკეთებინა იმ დამატებითი რესურსის მობილიზება, რომელიც იძლეოდა საშუალებას, რომ სხვა ტიპის სომატური პაციენტების უსაფრთხო მკურნალობა გვემართა. ეს პრობლემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ალბათ, შენარჩუნდება, თუმცა, ჩვენი აქტიური ჩართულობითა და მუდმივი მონიტორინგით, რა თქმა უნდა, მუდმივად შევეცდებით, რომ პაციენტებს პრობლემა არ შეექმნათ, რაც შეეხება სხვა ქალაქებში გადაყვანას, – ეს პრობლემა დღის წესრიგიდან ალბათ არ მოიხსნება, გამომდინარე იქედან, რომ ეს ვითარება არა მარტო ბათუმში, სხვა რეგიონებშიც საკმაოდ მძიმედ დგას, მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე იყოს გაძლიერებული ყველა ის სამედიცინო დახმარება, რომელიც თითოეულ პაციენტს ესაჭიროება და მივცეთ ადამიანებს საშუალება, ადგილზე ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობა.
რაც შეეხება ბათუმში და, ზოგადად, აჭარაში ექიმების პროფესიონალიზმს, ამაში ეჭვის შეტანა არ არის საფუძვლიანი. ვიცით, რომ ზოგადად საწოლფონდისა და ჰოსპიტალური ქსელი აჭარაში ყველაზე კარგად არის განვითარებული და აქ არის მობილიზებული ექიმების საკმარისი რაოდენობა და მნიშვნელოვანია, მივცეთ თავისუფალი მუშაობის საშუალება და ვენდოთ ბოლომდე, მათ პროფესიონალიზმს. დღესდღეობით მთავარი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ ექიმებს და არ მივცეთ სხვებს იმის საშუალება, რომ ექიმები სტრესულ გარემოში ჩააგდონ, რაც ბუნებრივია ხელს შეუშლის ყველა პაციენტის სამკურნალო პროცესს. ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ, რომ იყოს მობილიზებული საწოლფონდი და როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ნამდვილად ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, ყველაფერი კეთდება ამისთვის”, – განაცხადა ტიკარაძემ.