დევი ტაბიძე: დღევანდელი სიტუაცია არის კატასტროფა

“დღევანდელი სიტუაცია არის კატასტროფა. ბოლო დროს ყოველდღიური ინფიცირების ნიშნული 5000-ს აჭარბებს, ეს რიცხვი კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებით”, – ამის შესახებ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა პროცენტული რაოდენობით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე იმყოფება.

„ყოველივე ეს გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით. ხალხმა ყურადღება მოადუნა. მათ ხელისუფლებისგან არასწორი მესიჯი მიიღეს – შეზღუდვები რომ მოიხსნა, ეს არ უნდა ყოფილიყო იმის ნიშანი, რომ ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსი დასრულებულია, რადგან ეს არის აბსურდი. თუ ასე გაგრძელდა 2-3 კვირის განმავლობაში, ჯანდაცვის სისტემა ჩავარდება კოლაფსში. საბოლოოდ, ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ჩვენს თანამოქალაქეებს, ნათესავებს, ახლობლებს დავკარგავთ. ყოველდღიურად 50 გარდაცვალება ძალიან ბევრია“, – აღნიშნა ტაბიძემ.

მისი თქმით, საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ ვირუსი ახალგაზრდა ადამიანებისთვის განსაკუთრებით სახიფათო გახდა.

„სამწუხაროა ისიც, რომ გარდაცვლილ ადამიანთა ასაკობრივ ნიშნულში ახალგაზრდა, 35-დან 55-60 წლამდე და უფრო მცირე ასაკის ჯგუფებმა იმატა. ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება, დიდ რაოდენობას მოიცავს, აგრესიულია თავისი ბუნებით და ასეთი სწრაფი გავრცელებით რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს. მე ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ უახლოესი 1 თვის განმავლობაში ჩვენ სერიოზულ კლებას მივიღებთ, პირიქით, ცუდი პროგნოზია. ვირუსი ძალიან მწვავედ, გართულებებით მიმდინარეობს. დღესაც არ გვაქვს კონკრეტული მედიკამენტი, ამიტომ ჩვენ უნდა ჩავთვალოთ, რომ ზოგადი, ე.წ. სომატური მკურნალობით, საერთაშორისო გამოცდილების ხარჯზე შევამციროთ სიკვდილიანობა. სწორედ ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები